ჯანდაცვის სამინისტრო ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას, იგივე რესპუბლიკურ საავადმყოფოს 6.4 მლნ ლარს გამოუყოფს. მთავრობის შესაბამისი განკარგულება 28 მაისით თარიღდება.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მთავრობის განკარგულებით, ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული თანხა, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვის ქვეშ მყოფი ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის უნდა გამოყოს. კონკრეტულად კი კრედიტორული დავალიანების, პერსონალის შრომის ანაზღაურების, კომუნალური და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფარად.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო 2025 წელს რესპუბლიკური საავადმყოფოს, ანუ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს. ამ პროექტისთვის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია შესაძლოა ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების მიზნობრიობის შეცვლით შესაძლოა დაფინანსდეს. საუბარია 100 მილიონი ევროს კრედიტიდან 32 მილიონ ევრომდე თანხის მიზნობრიობის მოდიფიკაციაზე. ამ პროექტს დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაუჭირეს მხარი.
აღნიშნული საკრედიტო შეთანხმება თავდაპირველად 2016 წლის 9 დეკემბერს გაფორმდა და ის მიზნად რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავდა. თუმცა ამ კრედიტის მიზნობრიობა შეიცვალა 2020 წლის 21 დეკემბერს და ის COVID 19-თან ბრძოლის სასესხო პაკეტად გადაკეთდა და ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე უნდა დახარჯულიყო. ამ კრედიტის ათვისების ვადად 2024 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.
თუმცა, როგორც ირკვევა გამოყოფილი თანხიდან 32 მილიონი ევრო კვლავ ასათვისებელია, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ EIB-თან კრედიტის კიდევ ერთხელ მოდიფიკაციაზე აწარმოა მოლაპარაკებები და დარჩენილი თანხის ათვისება 24 თვით, 2026 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.




























