პრემიერ-მინისტრთან ჯანდაცვის ბიზნესის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ არსებობს საერთო ამოცანა, რომ მოსახლეობას მიეწოდებოდეს უწყვეტი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისი. სწორედ სერვისის გაუმჯობესების გზებს ეხება შეხვედრა, რომელიც მისი თქმით, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
"ზოგიერთი რეფორმა საჭიროებს მეთოდოლოგიურ კორექტირებას და ეს ახლა, სამუშაო პროცესია. ამიტომ, გვექნება ხშირი კომუნიკაცია და დისკუსია. საბოლოო ჯამში, ყველას გვაქვს ერთი ამოცანა, რომ მოსახლეობას მიეწოდებოდეს უწყვეტი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისი. ეს არის როგორც ჰოსპიტალური, ასევე ფარმაცევტული კუთხითაც" - განაცხადა სოსო ფხაკაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, პრემიერი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს დღეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰოსპიტალური და ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან მოსახლეობისათვის უწყვეტი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდების აუცილებლობას.