მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, რომლის დაწყებამდეც სულ რაღაც 6 თვე დარჩა მონაწილეთა რაოდენობა 32-დან 48 გუნდამდე გაიზარდა, რამაც ბილეთებზე მოთხოვნა და ინტერესი გაზარდა.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, 2026 წლის მუნდიალზე დასასწრები 6-7 მილიონი ბილეთი იყიდება და უკანასკნელი 15 დღის განმავლობაში 150 მილიონი განაცხადი შევიდა. ეს კი საშუალოდ დღეში 10 მილიონ მსურველს ნიშნავს, რომელთაც თამაშებზე დასწრება სურთ:
“რომ არა FIFA, მსოფლიოს 150 ქვეყანაში ფეხბურთი არ იქნებოდა. მიღებულ შემოსავალს ჩვენი წევრი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს გადავუნაწილებთ და თანხის სწორად ინვესტირება მოხდება. მთლიანობაში კი გეტყვით, რომ მუნდიალის 100-წლიან ისტორიაში, ჯამში, 44 მილიონი ბილეთია რეალიზებული“, - განაცხადა ინფანტინომ.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გაიმართება და მატჩებს სამი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს.




























