მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანმო მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობის საკითხს ზიანის შემცირების პერსპექტივიდან არ უყურებს - ქლაივ ბეითსი

ქავერი
07.05.25 16:28
858

2025 წლის 28 აპრილს, გადასახადის გადამხდელთა დაცვის ალიანსის (TPA) ორგანიზებით ჩატარდა ვებინარი, სადაც მომხსენებლებმა განიხილეს თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის 20 წლიანი შედეგები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიდგომები.

ორგანიზაცია Action on Smoking and Health-ის ყოფილი დირექტორი, ქლაივ ბეითსი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც წელს თამბაქოს ჩარჩო კონვენციის ამოქმედების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, თამბაქოს მომხმარებელი 1 მილიარდი ადამიანის ჯანმრთელობის საკითხს არ უყურებს მათზე ზიანის შემცირების პერსპექტივიდან.

საქმე ისაა, რომ WHO-ს პოლიტიკა თამბაქოსთან მიმართებით ფოკუსირებულია იმაზე რომ ერთადერთი გამოსავალი მწეველებისთვის სიგარეტის მოხმარების შეწყვეტაა. ბეითსი აღნიშნავს რომ მილიონობით მწეველისთვის ეს დაუძლეველი გამოწვევაა, რაშიც ეფექტური როლის შესრულება სწორედ ზიანის შემცირების პოლიტიკას და სიგარეტის ალტერნატივებით ჩანაცვლებას შეიძლება ჰქონდეს, რაც არაერთი ქვეყნის მიერ საკუთარი პოლიტიკის დონეზეც არის აყვანილი - რისი მაგალითიც დიდ ბრიტანეთში ელექტროსიგარეტებისა და ახალი თაობის პროდუქტების მიმართ არსებული მიდგომაა, რომლის თანახმადაც ამ პროდუქტებს აქვთ პოტენციალი შეამცირონ ადამიანებზე მავნე ნივთიერებების ზემოქმედება. თუმცა, ამის საპირისპიროდ, WHO არ აღიარებს ზიანის შემცირების პოლიტიკას და მეტიც მხარს უჭერს ისეთ არასამეცნიერო ნაბიჯებს, როგორსაც მაგალითად ინდოეთი დგამს, რაც ელექტროსიგარეტების აკრძალვაში გამოიხატებოდა.

ამის შესახებ ქლაივ ბეითსმა გადასახადის გადამხდელთა დაცვის ალიანსის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.

“სტრატეგიამ უნდა დასახოს მკაფიო მიზანი – მაგალითად, სიკვდილიანობისა და დაავადებების შემცირება: კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ფილტვის დაავადებები – და მეტი სიცოცხლის შენარჩუნება. მიზანი უნდა იყოს – მეტი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხანგრძლივობის უზრუნველყოფა. როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? აუცილებელია მივიღოთ ის შეხედულება, რაც ახლახან წაიკითხეთ – და პრობლემას თამბაქოს ზიანის შემცირების პრიზმით მივუდგეთ. მაგრამ ამას WHO არ აკეთებს.

ამის ნაცვლად, ადვოკატირებენ არასწორ პოლიტიკას – განსაკუთრებით კი აკრძალვის მიდგომას. ისინი მუდმივად უჭერენ მხარს აკრძალვის პოლიტიკას და ზეიმობენ, როდესაც რომელიმე ქვეყანაში – განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში – აღწევენ ელექტროსიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს პროდუქციის აკრძალვას, ხშირად იმ შედეგებზე დაფიქრების გარეშე, რასაც ასეთი პოლიტიკა იწვევს. მათ არ ესმით კომპრომისების ბუნება: როცა კრძალავ ნაკლებად სახიფათო ალტერნატივას, ხშირად იღებ უფრო სახიფათოს გავრცელებას, ჩნდება არალეგალური ბაზარი, და ხალხი გვერდს უვლის აკრძალვებს. მათგან ამას ვერ მოისმენთ, მაშინ როცა ეს ელემენტარული პოლიტიკის საკითხია.

მათგან ვხედავთ დეზინფორმაციის გავრცელებასაც. ვისაც ამის მაგალითი სურს, საკმარისია WHO-ს ელექტროსიგარეტების შესახებ კითხვა-პასუხის გვერდი ნახოს – ეს არის დეზინფორმაციის ნამდვილი შედევრი, რომელიც შეიცავს ცრუ მტკიცებებს, მათ შორის, ელექტროსიგარეტებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ.”

ბეითსმა ასევე აღნიშნა, რომ პრობლემურია განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გამორიცხვა და ისეთი ლეგიტიმური მხარის იგნორირება, როგორიც მომხმარებლები არიან - უშუალოდ დაზარალებული ადამიანების, ვინც რეალურ რისკში იმყოფებიან.

ბეითსი ანგარიშვალდებულების საკითხზე მიუთითებს და ამბობს: “ისინი არ ცდილობენ საკუთარი ქმედებების ანალიზს. მაგალითად, ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრს WHO-მ მედალი გადასცა ელექტროსიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს აკრძალვისთვის – იმ დროს, როცა ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, რა შედეგს მოიტანდა ეს აკრძალვა. მათ კი არ უცდიათ დაბრუნება და რეალური შედეგების ანალიზი – ან თუნდაც თვითონ ამ ქმედებისათვის ჯილდოს მინიჭების მიზანშეწონილობის გადახედვა. ანუ – კვლავ ანგარიშვალდებულების ნაკლებობა.”

“იდეოლოგიური პოზიციონირება ბევრად უფრო პოპულარულია. ამას მხარს უჭერენ ფონდები და არასამთავრობოები, რომლებიც ქმნიან რადიკალიზმისა და ფანატიზმის ტალღას – რაც ხელს უშლის რეალისტურ და გონივრულ პროგრესს, რომელიც სწორედ თამბაქოს ზიანის შემცირების გზით მიიღწევა,”- აღნიშნავს ქლაივ ბეითსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები