მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანსაღი დესერტების სტარტაპმა Healthy Cake თბილისში საკონდიტრო გახსნა

6454c0076be09
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.23 08:00
1756
ჯანსაღი დესერტების სტარტაპმა Healthy Cake თბილისში, ვაკეში, აბაშიძის 46-ში საკონდიტრო და გაყიდვების ობიექტი გახსნა.

Healthy Cake ერთ წელზე მეტია, ონლაინსაკონდიტროს ფორმატში ოპერირებს და მომხმარებელს დაბალკალორიული დამატკბობლების და ნატურალური პროდუქტებისგან წარმოებულ დესერტებს სთავაზობს. ამის შემდეგ შაქრის და ფქვილის გამოყენების დამზადებული დესერტების შეძენა მსურველებს გაყიდვების ობიექტიდან შეეძლებათ.

მთავარი კონდიტერი და სტარტაპის დამფუძნებელი ნათელა გოგსაძე BM.GE-სთან ამბობს, რომ ობიექტის გახსნისთვის დაახლოებით 25 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და საწყისი ეტაპისთვის 3 ადამიანი დასაქმდა.

„საკონდიტრო აპრილში გავხსენით და დესერტებს სწორედ ჩვენი ახალი ლოკაციიდან ვყიდით. რაც შეეხება ტორტებს, მსურველებმა ისინი უნდა შეგვიკვეთონ და ჩვენ მოვამზადებთ. მნიშვნელოვანია, რომ 10 მაისამდე ჩვენთან ჯანსაღი დესერტების შეძენის შემთხვევაში 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს“, - აღნიშნა ნათელა გოგსაძემ.



Healthy Cake-ის პორციული დესერტების ფასი 5-დან 21 ლარამდეა, ტორტები კი 60 ლარი ღირს. კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მათ პრემიალური პროდუქტი და საკმაოდ ვიწრო აუდიტორია ჰყავთ და ამიტომ აქცენტს ხარისხზე აკეთებენ და არა რაოდენობაზე.

„ჩვენს მომხმარებელს თეთრი ფქვილისა და შაქრის გამოუყენებლად დაბალკალორიულ დესერტებს ვთავაზობთ. ჩვენს ასორტიმენტში ისეთი დესერტებია, რომლებიც არ შეიცავს შაქარს, გლუტენს, ლაქტოზას და ვეგანურ დესერტებს. ამასთან, ჩვენთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ ტორტები და ნამცხვრები თქვენი კვების მოთხოვნების შესაბამისად, თუ მაგალითად ალერგიული ხართ და ა.შ. ნამცხვრების საკმაოდ მრავალფეროვანი ჩამონათვალი გვაქვს და ვცდილობთ, თითოეულმა მომხმარებელმა თავისი საყვარელი გემო იპოვოს.

რაც შეეხება მოთხოვნას, უშაქრო დესერტებზე მოთხოვნა მზაარდია. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად ადამიანები უფრო მეტად ფიქრობენ იმაზე თუ როგორ იკვებონ. ჯანსაღი კვების ტენდენცია არამხოლოდ ტრენდულია, არამედ ეს საკუთარი ჯანმრთელობისადმი გააზრებული მიდგომაა. გვიხარია, რომ ამ მხრივ ჩვენი წვლილის შეტანა შეგვიძლია“, - აღნიშნა Healthy Cake-ის დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები