საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმების ჩამოწერა სწორი გადაწყვეტილებაა.
“ეს გადაწყვეტილება [ჯარიმების ჩამოწერა] ობიექტურად გამართლებულია იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი კომპანია, რომელზეც პოტენციურად უნდა გავრცელდეს ამ ტიპის ამნისტია, ობიექტური მიზეზების გამო იყო თავის დროზე შეფერხებული. შესაბამისად, თუკი ჩვენ მოვახერხებთ და მათ მივცემთ შანსს, მგონი ძალიან სწორი სიგნალია ბიზნესისთვის, რომ მან დაამტკიცოს, რომ მართლაც შეუძლია მშენებლობა, ახალი ობიექტების შექმნა და შესაბამისად მერე ელექტროენერგიის ქსელისთვის მიწოდება.
ბევრი რამის გამო იყო გაჭიანურებული [ენერგოობიექტების მშენებლობა], მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასთან იყო პრობლემები, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ნებართვის მიღების გამოც. იყო ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები და ჯამში მივიღეთ ვადაგადაცილება და შესაბამისად, სახელმწიფოც ვალდებული იყო დაერიცხა ჯარიმები. ამ ფონზე, ვფიქრობ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ჯარიმების ჩამოწერა”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
"ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმა, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.




























