მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯაშუშობის საწინააღმდეგოდ ევროკავშირი შეხვედრებისთვის ახალ ბუნკერს აშენებს

62cbe5999c2c5
გიორგი თოლორდავა
11.07.22 13:41
788
ევროკავშირის ხელმძღვანელობა ბრიუსელში ახალ €8-მილიონიან ბუნკერს აშენებს, რომელიც EU-ს ლიდერებს მაღალი რანგის მოლაპარაკებების უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას მისცემს.

EUobserver-ის ინფორმაციით, ბუნკერის ძირითადი დანიშნულება თვალთვალისა და მიყურადების რისკების შემცირება იქნება და მისი საშუალებით ევროკავშირის წარმომადგენლობა უსაფრთხო სივრცეს მიიღებს, სადაც გაზიარებული ინფორმაციის დაცულობა გარანტირებული, სხვადასხვა ტიპის სათვალთვალო-ჯაშუშური მოწყობილობებით ინფორმაციის გაჟონვა კი პრაქტიკულად გამორიცხული იქნება.

ბუნკერის ძირითადი საკონფერენციო სივრცე 100-მდე პირს იტევს, ის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს როგორც უმაღლესი რანგის, სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებებისთვის, ასევე შედარებით დაბალი, დიპლომატიური შეხვედრებისთვის.

ბუნკერი დაცული იქნება NATO-ს მიერ სერტიფიცირებული უსაფრთხოების სისტემებით, ელექტრონული მოწყობილობებითა და საკომუნიკაციო არხებით, რაც ინფორმაციული დაცულობის უმაღლესი გარანტია.

ბრიუსელში ახალი ბუნკერი 2024 წელს აშენდება - მისი შექმნის იდეა რუსული და ჩინური სადაზვერვო სამსახურებისგან მომავალ საფრთხესთან პირდაპირ კავშირშია.

აღსანიშნია, რომ გასული წლების განმავლობაში ევროკავშირის სტრუქტურულ სისტემებში არაერთი სათვალთვალო მოწყობილობისა და პროგრამის აღმოჩენის შემთხვევა დადასტურდა. მიმდინარე წლის აპრილში კი ბრიუსელიდან ორი რუსი ჯაშუში გააძევეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები