ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარტში კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, იმერეთში ტურისტების ნაკადი შემცირდა, ევროპელ ტურისტებში საქართველო პოპულარულ მიმართულებად რჩებოდა.
"როდესაც ქუთაისში ჩამოსულ ტურისტებს ვეკითხებოდით - რა მიზეზით გადაწყვიტეს საქართველოში ამ დროს ჩამოსვლა, ისინი გვპასუხობდნენ, რომ ამ დროისთვის საქართველო ერთ-ერთი შედარებით უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულება იყო. სწორედ ამიტომ, დასავლეთ ევროპის მიმართულებით აღებულ ბილეთებს, სადაც ვითარება უკიდურესად მწვავე იყო, საქართველოს ბილეთებში ცვლიდნენ", - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
მისი თქმით, ეს მაგალითი ქვეყანამ, პოსტვირუსულ პერიოდში, ერთგვარ გზავნილად უნდა გაიხადოს და სხვადასხვა მიმართულებით მსგავსი პოზოტიური ნიუსების ტირაჟირება უნდა მოახდინოს.
"ჩვენ ყველამ ერთად, ტურისტულმა ადმნისტრაციამ, ტურისტულმა ცენტრებმა, გიდებმა ამ მაგალითზე შეგვიძლია ავაგოთ სარეკლამო კამპანია, იმისთვის, რომ სამომავლოდ, როდესაც ვირუსი გადაივლის, პოტენციურმა ტურისტებმა სამოგზაუროდ საქართველო აირჩიონ", - განმარტავს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი.
მისივე ინფორმაციით, დღემდე თუ მხოლოდ მაისის ჩათვლით არსებული ტურისტული ჯავშნები უქმდებოდა, ეს ტენდენცია უკვე ივნისზეც გაგრძელდა.
"თებერვალ-მარტში თუ უნდა გვყოლოდა 100 ტურისტი, გვყვავდა 20. ტურისტები ძალიან დაბნეულები და შეშინებულები არიან. აქამდე ბალტიისპირა ქვეყნების ტურისტებს ვემსახურებოდით, ასევე პოლონეთს, ჩეხეთს, თუმცა დღეიდან ამ მიმართულებიდანაც გაუქმდა ჯავშნები, ივნისის თვეზეც კი", - აღნიშნა ბერეკაშვილმა.