გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც 2020 წელს მოეწყო და რისთვისაც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 1.6 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, გამოუყენებელია - არ მუშაობს არც ვიზიტორთა ცენტრი და არც - სველი წერტილები.
ამ თემით BMG მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სოციალურ ქსელში, გელათის ეზოში, არსებული საპირფარეშოს ფოტო გავრცელდა, რომელიც გიდ ტატიანა გაბრიჩიძეს ეკუთვნის.
„ვითხოვთ ისეთ საპირფარეშოს, სადაც ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაცული იქნება... გელათი არის ჩვენი ტურიზმის სახე, ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი და წარმოუდგენელია, რომ ტურისტებს აქ ასეთი ტუალეტი ხვდებათ“, - უთხრა BMG-ს ტურისტული კომპანია TTG Travel To Georgia-ს დირექტორმა, გიდმა ლაშა ბერეკაშვილმა, რომელიც ქუთაისელია და იმერეთის ტურიზმის გამოწვევებზე საჯაროდ ხშირად საუბრობს.
როგორც გავარკვიეთ, ტურისტული ინფრასტრუქტურა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მოეწყო და შემდეგ სამართავად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაეცა და ამჟამად მის ბალანსზეა.
BMG დაინტერესდა, რატომ არის დაკეტილი გელათის მონასტერთან არსებული ვიზიტორთა ცენტრი
რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, კულტურის და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურმა მოგვწერა, რომ 2020 წელს გახსნილმა გელათის ვიზიტორთა ცენტრმა რამდენიმე თვე იმუშავა და პანდემიის გამო, მალევე დაიხურა.
კულტურის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ „ვიზიტორთა ცენტრში არსებული საპირფარეშო ვიზიტორებს არასოდეს გამოუყენებიათ, რადგან მას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა და მიეწოდება“.
თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის გაუმართაობას უარყოფენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომელიც იყო დამკვეთი. როგორც ფონდში BMG-ის უთხრეს, ასეთ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ობიექტს არ ჩაიბარებდა.
გარდა ამისა, კულტურის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ 2021 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გელათის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის დაწყების შემდეგ, ვიზიტორთა ცენტრის ნაწილი გამოიყენებოდა სააგენტოს თანამშრომლებისა და უცხოელი რესტავრატორების სამუშაო სივრცედ.
„გელათის სამონასტრო კომპლექსის სტუმრები ყოველთვის სარგებლობდნენ მონასტრის ეზოში არსებული საპირფარეშოებით (აქ არ იგულისხმება ფოტოზე მოცემული ამორტიზებული, კომპლექსის უკანა მხარეს მდგომი საპირფარეშო), თუმცა სააგენტოსთვის უცნობი მიზეზების გამო, 2023 წლის აპრილიდან, მოცემული საპირფარეშოები ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი აღარაა. მოსალოდნელია, შესაბამისი უწყებების მიერ უახლოეს მომავალში გელათში სანიაღვრო და წყალარინების სისტემების მოწესრიგება. ამ შემთხვევაში ერთი ხაზი დაუკავშირდება ვიზიტორთა ცენტრს, რომელიც წყლით მომარაგდება და საპირფარეშოც ამუშავდება“, - მოგვწერეს კულტურის სამინისტროდან.
"ტურიზმი ვისაც ეხება, ტურიზმი არ იცის, ქალაქის მართვა ვისაც ეხება, მართვა არ იცის" - ტურიზმის სექტორის ხმა იმერეთიდან
გიდი ტატიანა გაბრიჩიძე: „ვიდრე გელათის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნება, ნუთუ არ შეიძლებოდა, ორი ბიოსაპირფარეშოს ჩადგმა?! ხანდახან, ტურს ვგეგმავ ისე, შუა ტურის დროს ერთადერთ საპირფარეშოსთან (ხარების ტაძრის ეზოში) მოვხვდეთ. საპირფარეშო პრობლემაა არა მხოლოდ გელათის მონასტერთან, არამედ მოწამეთას და ბაგრატის ტაძრებთან. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ მყავდა სტუმრები გელათში და ისევ იმ საპირფარეშოთი ვისარგებლეთ, მაგრამ ვნახე, რომ აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაობები და იმედია, გელათის ვიზიტორთა ცენტრი მალე გაიხსნება“.
ტურისტული კომპანია TTG Travel To Georgia-ს დირექტორი, გიდი ლაშა ბერეკაშვილი: „გელათის მონასტრის მიმართ ტურისტების ინტერესი ყოველთვის მაღალია, ისევე როგორც ბაგრატის და მოწამეთას მიმართ და სამივეგან სველი წერტილების პრობლემაა. წარმოუდგენელია, როცა გელათის ვიზიტორთა ცენტრში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის რამდენიმე მილიონი დაიხარჯა და ვიზიტორთა ცენტრი და სველი წერტილები დაკეტილია. რას ნიშნავს ეს?! - ისე აშენდა ინფრასტრუქტურა, რომ წყალი და კანალიზაცია არ იყო გათვალისწინებული?! ან რატომ არ გამოიყენეს პანდემიის პერიოდი პრობლემების გამოსასწორებლად?! რამდენიმე კვირის წინ კვიპროსში მყავდა ტურისტები და იქ ყველა მონასტერთან, ტაძართან მოწესრიგებულია სველი წერტილები და თან უფასო. ჩვენ უფასოს არ ვითხოვთ, იყოს ფასიანი, მაგრამ ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვით. პრობლემაა ასევე, ქვეყანაში საპიკნიკე სივრცეების არსებობა, რათა ტურისტებმა მშვიდ გარემოში შეძლონ პიკნიკი.
მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის დამფუძნებელი, ფოტოგრაფი არჩილ გეგენავა: პირველ რიგში, როგორც ქუთაისელმა მინდა შეშფოთება გამოვხატო იმის გამო, რა დღეშიც ჩააგდეს გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. რაც შეეხება ტურისტულ ადგილებში სველი წერტილების მოწესრიგებას, სამწუხაროა, მაგრამ იმერეთში, თითქმის ყველა ტურისტულ ადგილს ეს პრობლემა პრობლემა აქვს. ტურიზმის boss-ები როცა გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში იზრდება ტურისტების რიცხვი და საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები რამდენიმე მილიარდი ლარია, მინდა, ვკითხო - რით ვერ გამოინახა და გზა და ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესვას საპირფარეშოებზე საუბარს?! პრობლემაა ისიც, რომ როდესაც ქუთაისის ადგილობრივი მთავრობისგან კონკრეტული საკითხების მოგვარებას ვითხოვთ, გვეუბნებიან - ეს ჩვენ არ გვეხება და ვერ გავაკეთებთო. შეიძლება მათ პირადად არ ეხებათ, მაგრამ ადგილობრივი მთავრობა ვალდებულია რეაგირება მოახდინოს იმ პრობლემებზე, რაც ქალაქს და მოქალაქეებს აწუხებთ და თუ დამატებითი სახსრებია საჭირო, უნდა ეცადოს, ფინანსების ცენტრალური ბიუჯეტიდან მოზიდვას. სამწუხაროდ, დღეს, ტურიზმი ვისაც ეხება, ტურიზმი არ იცის, ქალაქის მართვა ვისაც ეხება, მართვა არ იცის და ამიტომაც ვართ ასე სავალალო მდგომარეობაში“.