ბაკურიანის სასტუმრო სექტორი ამ ზამთარს დატვირთულ ტურისტულ სეზონს ელოდება. „დიალოგი კოხტას“ მენეჯერი ეთო ტაბიძე ამბობს, რომ აქტიური სეზონი 21 დეკემბრიდან დაიწყება და სტანდარტული ნომრის ღირებულება 223 ლარიდან იქნება, თუმცა ახალი წლის პერიოდში განსხვავებული ფასები იმოქმედებს.
„წლევანდელი ზამთრის სეზონისთვის მზადება ადრიანად დავიწყეთ და ვთვლით, რომ მზად ვართ, სრული დატვირთვით ვუმასპინძლოთ სტუმრებს. ჯავშნების მიღების პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 30-40% მდე ჯავშანი გვაქვს მიღებული.
აქტიური სეზონი 21 დეკემბრიდან დაიწყება და სტანდარტული ნომრის ღირებულება 223 ლარიდან იქნება, თუმცა ახალი წლის დღეებში გვაქვს განსხვავებული ფასები. ამ პერიოდში 400 ლარიდან დაიწყება სტანდარტული ნომრის ღირებულება, თუმცა ვგეგმავთ ფასდაკლების აქციებსაც. მაგალითად, თუ ჩვენს სასტუმროში დაისვენებენ 5 ან მეტი დღის განმავლობაში, იმოქმედებს ფასდაკლება“, - ამბობს სასტუმროს რეზერვაციის მენეჯერი.
სასტუმრო „დიალოგი კოხტა“ ბაზარზე 7 თვეა არსებობს და წელს მისთვის პირველი ზამთრის სეზონი იქნება. სასტუმროში ამბობენ, რომ ბაზარზე საინტერესო სიახლეებით შემოვლენ.
„ახალ წელს ვგეგმავთ გალა ღონისძიებას. გვეყოლება წამყვანი, დიჯეი და საღამოს მუსიკალურად გააფორმებს სპეციალურად მოწვეული ჯგუფი“, - ამბობს ეთო ტაბიძე.