მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯავშნების უმეტესობა გაგვიუქმდა" - რა გავლენა ჰქონდა შოვის ტრაგედიას რაჭის ტურიზმზე?

რაჭა

რაჭის კურორტ შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ 2023 წლის ზაფხულის სეზონი ამ რეგიონისთვის სრულად შეცვალა. თუ გასულ პერიოდში რაჭაში ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა, წელს ტურისტულმა სექტორმა 2022 წელზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა. 

ამის მთავარი მიზეზი შოვში დატრიალებული ტრაგედია იყო - ადგილობრივი მოგზაურები საფრთხისგან თავის არიდების მიზნით რაჭაში ვიზიტისგან თავს იკავებდნენ. როგორც ონში მდებარე სასტუმრო "რელაქსის" დამფუძნებელი, თინიკო ჩხარტიშვილი BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, მათი იმის შესახებ ინფორმირება, რომელი ლოკაცია იყო უსაფრთხო, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. შესაბამისად, მაღალი აქტივობით დაწყებული ტურისტული სეზონი, აგვისტოში, ჯავშნების ძირითადი რაოდენობის გაუქმებით დასრულდა. 

"სეზონის დასაწყისი ძალიან კარგი გვქონდა, გაზაფხულიდან უკვე დაიწყო აქტიური ჯავშნები, იმდენად დატვირთულები ვიყავით, რომ სტუმრებს ფიზიკურად ვეღარ ვათავსებდით, მაგრამ შოვის ტრაგედიამ ყველაფერი შეცვალა. აგვისტოს თვიდან ჯავშნები გაუქმება დაიწყო. ფაქტობრივად, უცხოელი ვიზიტორების იმედად დავრჩით, ისინი დიდი რაოდენობით არ ჩამოდიან რაჭაში, მაგრამ წლევანდელი ზაფხული ევროპულმა ჯგუფებმა გადაგვატანინა, რადგან სტიქიის დასრულების შემდეგაც კი, ქართველები რაჭაში ჩამოსვლას მაინც ვერ ბედავდნენ", - აცხადებს თინიკო ჩხარტიშვილი. 

რაც შეეხება ქვემო რაჭას, მიუხედავად იმისა, რომ ამბროლაურის რაიონი კურორტ შოვისგან 58 კილომეტრითაა დაშორებული, ჯავშნების გაუქმების შემთხვევები აქაც მრავლად იყო. 

"სადმელის მარნის" თანადამფუძნებელი თათია ბიჭაშვილი BMG-სთან საუბრისას ჰყვება, რომ რაჭაში ბიზნესის ოპერირების პროცესში ისედაც ბევრი გამოწვევაა, რაც ძირითადად გაუმართავ ინფრასტრუქტურას ეხება, შესაბამისად რეგიონში მაღალ გადამხდელუნარიანი ვიზიტორების მოზიდვა რთულია, 2023 წლის ზაფხულმა კი გასული წლების მაჩვენებელსაც ვერ მიაღწია. 

"მიუხედავად იმისა, რომ ქვემო რაჭა საკმაოდ შორსაა შოვისგან, ამ ზაფხულს ჯავშნების გაუქმება ჩვენთანაც ძალიან ხშირი იყო, რადგან ადამიანების უმეტესობას ეგონა, რომ ქვემო რაჭაშიც იგივე მდგომარეობა იყო და საფრთხისგან თავის არიდების მიზნით, ვიზიტზე უარს ამბობდნენ. საერთო ჯამში, ნორმალური წელი იყო, თუმცა არა ისეთი, როგორიც გასულ წელს. რაჭას ჯერ კიდევ აკლია ინფრასტრუქტურის განვითარება, მაღალი სერვისის მქონე ობიექტების არსებობა და გამართული მომსახურება, ამიტომ მაინც დაბალ გადამხდელუნარიან სეგმენტზე ვმუშაობთ, ამას კი ის გამოწვევებიც ემატება, რაც ბიზნესის ოპერირების პროცესში გვხვდება - იქნება ეს გაუმართავი გზები, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა თუ წყლის პრობლემა. ჩვენს რეგიონში იმისთვის, რომ მაღალ ბიუჯეტიანი დამსვენებლები მოვიზიდოთ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია", - აღნიშნა თათია ბიჭაშვილმა. 

ამჟამად რაჭაში რთველისთვის ემზადებიან, ადგილობრივი ტურისტული სექტორი კი გვიყვება, რომ სექტემბრის ბოლოდან ჯავშნები უკვე მიღებული აქვთ, თუმცა არა იმ რაოდენობის, რამდენიც წინა წლებში იყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები