მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის, ამერიკული Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი სიეტლს ტოვებს და საცხოვრებლად მაიამიში გადადის, რათა უფრო ახლოს იყოს მის მშობლებთან და მისი კოსმოსური კომპანიის, Blue Origin-ის ოფისთან, რომელიც კეიპ-კანავერალის სადგურზე მდებარეობს, - ამის შესახებ მსოფლიოს რიგით მე-3 უმდიდრესმა ადამიანმა Instagram-ში დაწერა და სიეტლში მდებარე იმ ავტოფარეხის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც 1994 წელს, Amazon-ი დააფუძნა.
სიეტლისთვის, Amazon-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ კომპანიამ, რომელიც ქალაქში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს, მისი ბედი სამუდამოდ შეცვალა.
ჯეფ ბეზოსი საცხოვრებლად ინდიან-კრიკში გადადის - ხელოვნურ კუნძულზე, რომელსაც ხშირად “მილიარდერების ბუნკერად” მოიხსენიებენ. ამ ტერიტორიაზე ჯეფ ბეზოსი ორ უძრავ ქონებას ფლობს - $79-მილიონიან შვიდოთახიან სასახლეს და $68 მილიონად შეფასებულ მიწის ნაკვეთს. თუმცა მაიამის გარდა, ბეზოსი უძრავ ქონებას აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, ნიუ-იორკ-სიტიში, ლოს-ანჯელესში, მაუიში და ტეხასში ფლობს. ამასთან, სწორედ ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის $500 მილიონად შეფასებული სუპერიახტა, სახელწოდებით Koru.
ბოლო წლებში, მაიამი, რომელიც, ამ დრომდე, პენსიაზე გასული მდიდარი ამერიკელების საყვარელ ადგილად ითვლებოდა, მილიარდერების უსაყვარლეს დანიშნულებადაც იქცა. პანდემიის შემდეგ მაიამიში გადასახლდა, როგორც ჰეჯ-ფონდ Citadel-ის დირექტორი, კენ გრიფინი, ასევე ამერიკელი ინვესტორი დენ ლები და რამდენიმე ამერიკული სპორტული კლუბის მფლობელი ჯოშ ჰარისი. ამასთან, ცოტა ხნის წინ, მაიამიში გადასახლდა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ მიჩნეული ლიონელ მესი, რომელიც ამჟამად, “მაიამის ინტერში” თამაშობს.