მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯეფ ბეზოსის მიერ მხარდაჭერილი ალიანსი განვითარებად ქვეყნებში $7.5 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს

ბეზოსი

ალიანსი, რომელიც განახლებადი ენერგიის პროექტებს ახორციელებს, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განვითარებად ქვეყნებში $7.5 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს - ამის შესახებ Reuters-ს ალიანსის საბჭოს წევრმა განუცხადა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც განვითარებულმა ქვეყნებმა სამთავრობო დახმარებები შეაჩერეს, ალიანსი ფილანთროპ პარტნიორებს ეძებს.

“ენერგიის გლობალური ალიანსი ხალხისა და პლანეტისთვის”, რომელიც 2021 წლიდან ფუნქციონირებს, ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებაში, ენერგიის სასაწყობე სისტემების შექმნასა და მწვანე ეკონომიკაში სამუშაო ადგილების შექმნაში 30-ზე მეტ ქვეყანას დაეხმარა. ალიანსი გრანტებსა და სესხებს საქველმოქმედო და სამთავრობო რესურსებით გასცემს, რითაც საინვესტიციო რისკებს ამცირებს და ფინანსებს განვითარების ბანკებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან იღებს. სახსრების მოძიება კი მას შემდეგ განსაკუთრებით გართულდა, რაც აშშ-ის ადმინისტრაციამ, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, კლიმატური პროგრამების დაფინანსება შეაჩერა.

IKEA Foundation-ის, The Rockefeller Foundation-ისა და ჯეფ ბეზოსის დედამიწის ფონდის პარტნიორობით დაარსებული ალიანსის ინვესტორთა სია მზარდია და აერთიანებს ბრიტანეთისა და დანიის მსგავს ქვეყნებს, მსოფლიო ბანკს და კერძო სექტორის კომპანიებს.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, განვითარებად ქვეყნებში სუფთა ენერგიაში ინვესტიცია 2030 წლისთვის 6-ჯერ, $1.6 ტრილიონამდე უნდა გაიზარდოს იმისთვის, რომ კლიმატის გლობალური გეგმა შეუფერხებლად შესრულდეს. ამავე დროს, OECD-ის მონაცემებით, 2024 წელს განვითარებადი ქვეყნების ოფიციალური დახმარება 7.1%-ით შემცირდა, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში კლების პირველი შემთხვევაა და აშშ-ის მიერ საგარეო პროექტების შემცირებითაა განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები