მიმდინარე წლის ივლისში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა, The New York Times-ი წერდა, რომ მსოფლიოს რიგით მე-3 უმდიდრესი ადამიანის, ამერიკელი ჯეფ ბეზოსის საკუთრებაში არსებული გამოცემა The Washington Post-ი 2023 წელს $100-მილიონიანი ზარალით დაასრულებს.
როგორც იმ დროს დაიწერა, ჯეფ ბეზოსის ამ ბიზნესის ზარალი გაზეთის გამომწერების რიცხვის შემცირებით არის განპირობებული, რაც კომპანიისთვის პრობლემურ საკითხად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქცა. თუ 2020 წელს, The Washington Post-ის ციფრულ სერვისს სამი მილიონი ადამიანი მოიხმარდა, მიმდინარე ზაფხულის მონაცემებით, მათი რიცხვი დაახლოებით 2.5 მილიონს შეადგენს.
The New York Times-ის მიერ სიახლის გავრცელების შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კომპანიაში პრობლემები მართლაც არის, რაზედაც ჯეფ ბეზოსის მიერ The Washington Post-ის დირექტორისა და გამომცემლის თანამდებობაზე უილ ლიუისის დანიშვნა მეტყველებს. 54 წლის ლიუისი ბრიტანელი მენეჯერია, რომელსაც გლობალურ მედიაინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უილ ლიუისი, წლების განმავლობაში მუშაობდა, როგორც Daily Telegraph-ში, ასევე რუპერტ მერდოკის საკუთრებაში არსებულ Wall Street Journal-სა და Dow Jones-ში.
ახალ თანამდებობას უილ ლიუისი 2024 წლის 2 იანვრიდან შეუდგება და ამ როლზე ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პატი სტოუნსაიფერს ჩაანაცვლებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უილ ლიუისის მმართველობის პირობებში, ჯეფ ბეზოსის კომპანია სწორედაც რომ ფინანსურ გაჯანსაღებაზე იქნება ორიენტირებული.
შეგახსენებთ, რომ ჯეფ ბეზოსმა The Washington Post-ი ჯერ კიდევ 2013 წელს, $250 მილიონად შეიძინა.