Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის თანამდებობრივ მომავალთან დაკავშირებით საგანგებო მოლაპარაკებები გამართა.
The Financial Times-ის ინფორმაციით, შეხვედრის მიზეზი ამჯერად ჩიპების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელის მიერ ჯანდაცვის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტთან, კიმბერლი პაუელთან გაბმული რომანტიკული ურთიერთობის გახდა.
როგორც მედია წერს, მმართველი ორგანო დაუშვებლად მიიჩნევს აღმასრულებელი დირექტორისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი პირის ურთიერთობას, რაც Nvidia-ს შინაგანაწესებს არღვევს. ამის გამო, შესაძლოა, ბორდმა გამოძიების დასრულებამდე ჰუანგს უფლებამოსილება დროებით შეუჩეროს ან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებაც მოითხოვოს.
თუმცა პროცესს ის გარემოება ართულებს, რომ Nvidia-ს წლიურ ანგარიშებსა და კორპორაციული მართვის დოკუმენტებში აღმასრულებელი დირექტორის საგანგებო ჩანაცვლების გეგმა საერთოდ არ არის გაწერილი.
აღსანიშნავია, რომ საკუთარ თანამშრომელთან ინტიმური ურთიერთობის დამყარების შესახებ ცნობების გავრცელებამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუანგს რომანი სინგაპურული კლიენტი კომპანიის, Megaspeed-ის აღმასრულებელ ალის ჰუანგთანაც ჰქონდა. აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ის ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს მიერ გადაბირებული აგენტი იყო.
Nvidia-ს ხელმძღვანელმა კვირას ეს კავშირი თავადაც აღიარა, დირექტორთა საბჭომ კი სავარაუდო ჯაშუშთან ურთიერთობის შესასწავლად ყოფილი ფედერალური პროკურორი უკვე დაიქირავა.
პარალელურად, საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო სწავლობს, რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები კი კონგრესში გამოძიების დაწყებას ითხოვენ, რადგან ჰუანგი ჩინეთისთვის მაღალტექნოლოგიური ჩიპების მიყიდვას აქტიურად ლობირებდა.
დემოკრატმა სენატორებმა, ელიზაბეთ უორენმა და კრის კუნსმა, რომლებიც იანვრიდან სენატის საბანკო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს უხელმძღვანელებენ, ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკს, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თეთრი სახლის აპარატის უფროსს, სტივენ მილერს ჩინეთში ჩიპების ექსპორტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის შენახვა მოსთხოვეს.
მიმდინარე პროცესებს უკვე მოჰყვა გამოხმაურებებიც. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰუანგს მხარდაჭერა გამოუცხადა და მას "მაღალი დონის პიროვნება" უწოდა, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა კი სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნა, რომ მისი სამსახურში აყვანა "დიდი პატივი იქნებოდა".
























