მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯენსენ ჰუანგმა $713 მილიონის ღირებულების NVIDIA-ს აქციები გაყიდა

ჯენსენ ჰუანგი

კომპიუტერული პროცესორების და გრაფიკული ბარათების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის, ამერიკული NVIDIA-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა კომპანიის $713 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა. ბოლოდრონდელი ტრანზაქციების მიუხედავად, ჯენსენ ჰუანგი კომპანიის ერთ-ერთ მსხვილ აქციონერად რჩება, რომელიც ტრასტების გავლით NVIDIA-ს 860 მილიონამდე აქციას ფლობს, რაც კომპანიის 3.5%-ის ტოლია. ჯენსენ ჰუანგზე დიდი წილი მხოლოდ სამ ორგანიზაციას აქვს, ესენია: BlackRock-ი, Fidelity და State Street-ი.

მაშ, რატომ ყიდის ჯენსენ ჰუანგი საკუთარი კომპანიის აქციებს, როცა ის პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და თან, $108 მილიარდის ქონებას ფლობს? საკუთარი კომპანიის აქციების გაყიდვა მიღებული პრაქტიკაა, რომელსაც მილიარდერები ხშირად მიმართავენ, რადგან “ქონების შეფასება” საკმაოდ მაცდური ტერმინია. ხშირად, ქონების შეფასება აღნიშნავს არა ადამიანის განკარგვაში არსებული თავისუფალი კაპიტალის, მათ შორის ნაღდი ფულის მოცულობას, არამედ მის საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულებას. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელიც მილიარდის ქონებას ფლობს, შეიძლება, ნაღდი ფულის სახით მხოლოდ ათეულობით ათას დოლარს ინახავდეს, რადგან ნაღდი ფული, საუკეთესო ვარიანტში, მხოლოდ დაბალ ფინანსურ ამონაგებს აგენერირებს.

იმ დროს, როცა მილიარდერს სურს, საკუთარი კომპანიის აქციები გაყიდოს, ამის შესახებ მარეგულირებელს წინასწარ უნდა შეატყობინოს, რასაც კანონიც ითხოვს. საქმე ისაა, რომ დირექტორი კომპანიის შესახებ ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობს და თუ ქვეყანაში არ არის კანონი, რომელიც ბაზარს “ინსაიდერული ვაჭრობისგან” დაიცავს, თანამშრომელმა, შესაძლოა, აქციები მაშინ გაყიდოს, სანამ კომპანიაში არსებული პრობლემების შესახებ მხოლოდ მან იცის, რითაც სხვა აქციონერებსა და ინვესტორებს შეცდომაში შეიყვანს. ჯენსენ ჰუანგიც ასე მოიქცა, რადგან NVIDIA-ს აქციების გაყიდვა მან SEC-თან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით, ჯერ კიდევ 13 ივნისს დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები