მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების მსოფლიოს უდიდესი კომპანია, ამერიკული NVIDIA ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას აგრძელებს.
ამჯერად, ჯენსენ ჰუანგის კომპანია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანაზე, ინდონეზიაზე კონცენტრირდება, სადაც ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო კომპანია Indosat-თან ერთად $200-მილიონიან AI-ცენტრს ააშენებს. ინდონეზიის IT-მინისტრის, ბუდი არი სეტიადის განცხადებით, კომპანიების მიერ შემუშავებული კონცეფციით, აღნიშნული დატაცენტრის მშენებლობას ორი მიზანი აქვს - ქვეყანაში არსებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.
საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ინდონეზიის ხელისუფლება NVIDIA-სთან თანამშრომლობს. 2022-2023 წლებში, ამერიკულმა კორპორაციამ ქვეყანაში 20,000 მოქალაქე გადაამზადა ხელოვნური ინტელექტის და სხვა ციფრული მიმართულებების კუთხით. როგორც ჩანს, $200-მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც კომპანიამ დააანონსა, სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა, რომლის ხანგრძლივობა, ამ ეტაპზე, ხუთი წლით განისაზღვრა. თავად ეს გადაწყვეტილება კი, სრულ თანხვედრაშია ინდონეზიის ხელისუფლების ხედვასთან, რომლის თანახმად, ინდონეზია AI-ერად უნდა გადაკეთდეს.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა NVIDIA სხვადასხვა ქვეყნებში ხელოვნური ინტელექტის დატაცენტრს აშენებს. 2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ NVIDIA-სთან თანამშრომლობით, ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერული ცენტრი სომხეთშიც მოეწყობა. როგორც იმ დროს გახდა ცნობილი, პროექტის ჯამური ინვესტიცია $8.5 მილიონად განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ NVIDIA კომპიუტერული პროცესორების უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.147 ტრილიონს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის რიგით მე-3 ადგილს იკავებს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში. ამასთან, სწორედ NVIDIA წარმოადგენს მთავარ ძალას ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით, რადგან ამ ტექნოლოგიას, მოგეხსენებათ, წარმოუდგენელი კომპიუტერული სიმძლავრე სჭირდება, რომელსაც, სწორედაც რომ NVIDIA-ს და მსგავსი კომპანიების მიერ შექმნილი AI-პროცესორები ქმნიან.