მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯერ კიდევ არის დრო საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად" - რას ითვალისწინებს "MEGOBARI აქტი", რომელიც კონგრესმენებმა ხელახლა წარადგინეს

კონგრესი

ამერიკელმა კონგრესმენებმა - უილსონმა, კოენმა, ჰადსონმა და ვიზიმ კონგრესში "MEGOBARI აქტი" ხელახლა წარადგინეს. ამის შესახებ პრესრელიზი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენ ჯო უილსონის ვებგვერდზე ვრცელდება.

„MEGOBARI ქართულ ენაზე ნიშნავს „მეგობარს“ და ეს კანონპროექტი ასახავს შეერთებული შტატებისა და ქართველი ხალხის ძლიერ მეგობრობასა და პარტნიორობას“, - განაცხადა ჯო უილსონმა. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს თავისუფლებას.

„მე ვდგავარ ქართველი ხალხისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გვერდით მათ მოწოდებაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ. ეს კანონპროექტი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აძლევს არჩევანს, მიატოვონ მომავალი დიქტატორი ივანიშვილი, ან მიიღონ სანქციები. ჯერ კიდევ არის დრო საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად“, - აცხადებს ჯო უილსონი.

კონგრესმენი სტივ კოენი კი ამბობს, რომ კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს.

„რეჟიმის ავაზაკები ანადგურებენ და აპატიმრებენ მომიტინგეებს, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რადგან დამოუკიდებელი დამკვირვებლები ოქტომბრის არჩევნებს ფუნდამენტურად დარღვევებით ჩატარებულს უწოდებენ. ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ გზაზე დაბრუნებას ითხოვს და ჩვენ უნდა დავეხმაროთ. "MEGOBARI აქტი" ითვალისწინებს დახმარებას, პუტინის პაიკებზე სანქციების დაწესებას და გვპირდება გაღრმავებულ ურთიერთობას, თუკი აღდგება საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი“, - თქვა კოენმა.

კონგრესმენ ჰადსონის თქმით კი, „ვლადიმერ პუტინი არის ბოროტი დიქტატორი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას საქართველოში და ამას უნდა მოჰყვეს შედეგები. „ეს კანონპროექტი აძლიერებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ცხადყოფს, რომ ჩვენ არ შევეგუებით მათ თავისუფლებაზე თავდასხმებს“, - განაცხადა ჰადსონმა.

ხოლო კონგრესმენ ვიზის თქმით, „MEGOBARI აქტი ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე - „ეს არის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი აქტი, რათა დავეხმაროთ ჩვენს მოკავშირეებს საქართველოში, უზრუნველყონ თავიანთი მომავალი და დაიცვან თავიანთი თავისუფლებები“, - განაცხადა კონგრესმენმა ვიზიმ.

ცნობისთვის, ჯო უილსონის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ „ოქტომბრის არჩევნები, რომლებსაც მოჰყვა ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნების“ "შოკის მომგვრელი" გამარჯვება, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოცხადდა, როგორც ფუნდამენტური ხარვეზებით ჩატარებული. შემდეგ კი, არალეგიტიმურმა პარლამენტმა დანიშნა არალეგიტიმური მარიონეტი პრეზიდენტი.

"MEGOBARI აქტი" ითვალისწინებს სანქციების ყოვლისმომცველ განხილვას „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირისთვის. „ის, ვინც აღმოჩნდება, რომ ჩართული იყო კორუფციაში ან ლახავდა საქართველოს სუვერენიტეტს, დასანქცირდება“, - წერია პრეს რელიზში. ასევე, MEGOBARI აქტი ითვალისწინებს მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ღრმა ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი აღდგება. ინიციატივა ასევე მოითხოვს სრული ანგარიშის წარდგენას საქართველოში რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ სადაზვერვო აქტივების შესახებ.

ამასთან, პრეს რელიზის თანახმად, კანონპროექტზე სენატსა და წარმომადგენელთა პალატას, ასევე, დემოკრატები და რესპუბლიკელები თანხმდებიან და მოსალოდნელია, რომ მისი დამტკიცების პროცესი სწრაფი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები