მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯერ საპროცესო შეთანხმება არ შემდგარა" - კახა კოტორაშვილის ადვოკატი ₾700 მლნ-ის გათეთრების საქმეზე

ედიშერ ქარჩავა

"ფულის გათეთრების" გახმაურებული საქმის დაკავებიდან 5 თვე გავიდა. 700 მილიონი აშშ დოლარის უკანონო ლეგალიზაციაში ბრალდებული კახა კოტორაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპი იწყება. შემდეგი სხდომა 19 მარტსაა ჩანიშნული.

ბრალდებულის ადვოკატი ედიშერ ქარჩავა BM.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დაცვის მხარე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, თუმცა ბრალდების მხარესთან შეთანხმება, ჯერჯერობით, მიღწეული არ არის.

„პროცესი ჩატარდა, ახლა არსებითი განხილვა დაიწყება და შემდეგი პროცესი 19 მარტსაა ჩანიშნული. ჯერჯერობით საპროცესო შეთანხმება არ შემდგარა, დანარჩენს ველოდებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, საპროცესო შეთანხმებას ვითხოვთ.

სხვა პირების მიმართ, ვინც ამ საქმეში იყვნენ აზერბაიჯანელები ყველას გაუფორმეს საპროცესო და პირობითი მსჯავრით გაუშვეს. ანალოგიური მოთხოვნა გვაქვს ჩვენც. კახა კოტორაშვილზე ასეთი მითი რატომ უნდა შეიქმნას? ის აზერბაიჯანელები საქართველოში მცხოვრები პირები არიან, ჩვენს საქმეში ორია და ორივეს პირობითი გაუფორმეს, თავისუფლები არიან. საერთოდ დაასრულეს საქმე და გაუშვეს", - განაცხადა ადვოკატმა.

ედიშერ ქარჩავას მტკიცებით, კოტორაშვილი მხოლოდ ვალუტის კონვერტაციას ახორციელებდა და პროცესი სრულად გამჭვირვალე და "ჩვეულებრივი ბრუნვა" იყო.

"ეს იყო ჩვეულებრივი ბრუნვა. აქ ჰქონდათ ეჭვი, რომ საზღვარზე ვიღაც მფარველობდათ, მაგრამ ეს ეჭვები არ დადასტურდა. ადამიანები ჩვეულებრივად შემოდიოდნენ, მოჰქონდათ თანხა, ჩვენთან ახურდავებდნენ და არანაირ ორგანიზებულ ჯგუფს ადგილი არ ჰქონია. ჩვეულებრივი დახურდავება იყო. ახლა იქ, საზღვარზე ვინ ეხმარებოდათ, ეგ ჩვენი საქმე არ არის. საუბარია 700 მილიონი აშშ დოლარის ბრუნვაზე 4 წლის განმავლობაში. თანაც, სანამ კოტორაშვილს დააკავებდნენ, ერთი წლით ადრე აიყვანეს ესენი [ საქმეზე 2 ბრალდებული] და მერე გაუშვეს. ჩვენ მანამდე გამოკითხვაზე მოწმის სახით ვიყავით და ყველაფერი ვთქვით. ერთი წლის წინ განვმარტეთ, რომ მოჰქონდათ თანხა, ახურდავებდნენ ჩვენთან და მორჩა. ახლა კი საქმე ისე გაახმაურეს, რომ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება.

შეფუთეს ეს საქმე პიარულად და ამიტომ უჭირთ ახლა გადაწყვეტილების მიღება, თორემ არაფერი ყოფილა, ჩვეულებრივი ბრუნვა იყო. გადასახადებს ვიხდიდით, ვიბეგრებოდით ყოველნაირად და კანონს ვიცავდით. ვინც საზღვრიდან შემოჰქონდა და გაჰქონდა ფული, ყველა პირობითით გაუშვეს", - განაცხადა მან.

ქარჩავა ზუსტ მექანიზმსაც განმარტავს, როგორ ხურდავდებოდა თანხა.

"მაგალითად, 100 000 დოლარის დახურდავებაზე სარგებელი დაახლოებით 70 დოლარი რჩებოდა. ეს ყველაფერი წლების მონაცემია და ისე გაახმაურეს, თითქოს ეს თანხა ერთიანად შემოვიდა.

ერთი წლის წინ გვქონდა მიცემული აღიარებითი ჩვენება იმ კუთხით, თუ რას ვაკეთებდით და ვისგან ვიღებდით ფულს. ეს ყველაფერი კომერციულ ბანკებშიც ასახული იყო და მოგების გადასახადიც გადახდილი გვქონდა. წინა პროცესზე დავაყენე შუამდგომლობა, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. თუ სხვა ფიგურანტებს გაუფორმეს საპროცესო, კოტორაშვილმა, რომელიც მხოლოდ ახურდავებდა ამ ფულს, რა დააშავა? ჩვენც გაგვიფორმეთ საპროცესო შეთანხმება-თქო. თანხაც კი შევთავაზეთ. ფული მსუბუქი მანქანებით შემოჰქონდათ, საქმეშიც ასეა. როდესაც გააჩერეს და გაჩხრიკეს, იმ აზერბაიჯანელების მანქანაში აღმოაჩინეს თანხა. ჩვენთან, კოტორაშვილთან ახურდავებდნენ. ვაგზალზე დღესაც იგივე ხდება, იგივე გრძელდება, არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, ჩვენგან ერთი წლის წინ აიღეს ჩვენება და მერე, როცა დასჭირდათ, თაროდან ჩამოიღეს ეს თემა და პიარისთვის შეკრეს საქმე. დანარჩენი პროცესზე ისედაც ვთქვი, შემდეგ პროცესზეც ვიტყვი", - განაცხადა ქარჩავამ.

საგამოძიებო უწყების ვერსია რადიკალურად განსხვავებულია. პროკურორმა პირველ სასამართლო პროცესზე განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აზერბაიჯანიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს 59 მილიარდი რუსული რუბლი, რომელიც შემდგომ 624 მილიონ დოლარად და 35 მილიონ ევროდ დაკონვერტირდა.

საინტერესოა ტექნიკური დეტალი: თუ დავუშვებთ, რომ აღნიშნული თანხა ყველაზე მსხვილი, 5000-რუბლიანი კუპიურებით შემოვიდა, მისი ჯამური წონა 11.8 ტონას შეადგენდა. პროკურატურის ინფორმაციით, კოტორაშვილი ელდარ ჰუსეინოვთან ერთად მოქმედებდა და მათი მიზანი ფულის წარმოშობის წყაროს შენიღბვა იყო.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქმეში საუბარია ოთხი ერთეული ავტომობილ Toyta Prius C-ზე, რომლითაც თანხის საქართველოში შემოტანა ხდებოდა. არადა, უშუალოდ 2022-24 წლებში როცა პროკურატურა დანაშაულზე უთითებს საქართველო აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი იყო და პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისევ ასე რჩება. შესაბამისად, ეს დეტალი მეტად ბუნდოვანს ხდის, როგორ ახერხებდნენ პირები თანხის მსუბუქი ავტომობილით შემოტანას.

შეგახსენებთ: საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

ბრალდებული კახა კოტორაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. მისთვის პატიმრობის შეფარდებისას, ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ გამოძიება ერთ წელზე მეტი ხანი მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მიმართ კითხვები ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში გაჩნდა, კახა კოტორაშვილს გაქცევა არ უცდია.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, $700 მილიონის გათეთრებაში ბრალდებული კახა კოტორაშვილის კომპანიები სებმა მხოლოდ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ₾210 000-ით დააჯარიმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები