მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯერჯერობით, ქვეყანაში ტურიზმის განვითარების დაპირება მხოლოდ და მხოლოდ პიარის თემაა - თემურ დიასამიძე

თემურ დიასამიძე

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ დიასამიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ტურიზმის სექტორის განვითარებას, არჩევნებიდან არჩევნებამდე, ერთი და იგივე დაპირებებით აანონსებს, თუმცა არ სრულდება.

ამის შესახებ მან გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა 2022 წელს შექმნილი კურორტების განვითარების სააგენტოს გაუქმება და ტურიზმის ადმინისტრაციასთან მისი შერწყმა იყო.

ყოფილმა საჯარო მოხელემ გამოწვევებზე საუბრისას სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის არადამაკმაყოფილებელი ხარისხიც გამოყო.

“ტურიზმის დარგის განვითარების დაპირება მხოლოდ და მხოლოდ პიარის თემაა, ჯერჯერობით. მაგალითად, ბათუმში თუ ტურიზმის განვითარება პრიორიტეტულია, როგორ შეიძლება ივლისსა და აგვისტოში კეთდებოდეს ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქის იმ ნაწილში, სადაც ტურისტების ძირითადი კონცენტრაციაა?! ამის დაგეგმარება ხომ სხვანაირადაც შეიძლება?!

როგორ შეიძლება, წლობით რაღაც ერთი და იგივე პრობლემა მეორდებოდეს?! ტურიზმის დეპარტამენტმა და ადმინისტრაციამ შეიძლება დადოს კვლევა და ამ კვლევაში იყოს გათვალისწინებული, მაგალითად, საპარკინგე ზონების გაფართოება ან საპირფარეშოების მოწყობა, მაგრამ ამას ტურიზმზე პასუხისმგებელი ორგანოები ვერ განახორციელებენ, ეს არ არის მათი პრეროგატივა. ამაზე სხვა სამსახურები უნდა მუშაობდნენ და სხვა ქვეყნებში ეს სამსახურები მუშაობენ კიდევაც. ჩვენთან ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ სურვილების და რაღაც სადღეგრძელოების დონეზე.

ყველა არჩევნების წინ გამოვალთ, ვიტყვით, რომ ახლა აქ განვავითარებთ ტურიზმს; შემდეგ მეორე ადგილას ჩავალთ ადამიანების გულის მოსაგებად და იქ ვიტყვით, რომ თქვენ გახდებით ტურიზმის მექა და ვატიკანი. ამის მერე კი, შემდეგი ოთხი წლით ყველაფერი აბსოლუტურად მივიწყებულია. ბიუჯეტიდან ფული იხარჯება ამ კვლევების გაკეთებაზე, ერთ კვლევას მეორე მოსდევს; მეორის შემდეგ, ჩემი აზრით, უკვე ქოფი-ფეისთი ხდება... როგორ შეიძლება წელიწადში ორი სტრატეგია იდებოდეს ერთი და იგივე მიმართულებასთან დაკავშირებით?! იქ ხომ არც დემოგრაფია იცვლება, არც გზები, არც ლანდშაფტი?!” - ამბობს აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ დიასამიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები