ჯერჯერობით ვერ ვგრძნობთ, რომ საქართველოში ეს წელი ტურიზმში რეკორდული იქნება, - ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში სასტუმრო „ქვევრების“ თანადამფუძნებელმა, გიორგი როჩიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „მოლოდინი იყო, რომ კარგი სეზონი ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეგრე არ არის“.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად სასტუმროს დატვირთულობა დაახლოებით 40%-ია.
„სამწუხაროდ, არ გაამართლა ჩვენმა გათვლებმა, მიზეზი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებია“, - განაცხადა გიორგი როჩიკაშილმა და დასძინა, რომ „ქვევრების“ სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან არაერთი ქვეყნიდან, თუმცა, მათ შორის ჭარბობს ევროპული და არაბული ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი.
როგორც „ქვევრების“ თანადამფუძნებელი ამბობს, სასტუმროს განვითარების გეგმები არის, თუმცა ყველაფერი ზაფხულის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
„ვაპირებთ საუნა და დახურული აუზი დავამატოთ, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად ჩაივლის ზაფხულის სეზონი.
ასევე, ჩვენი გეგმა არის უკვე ზამთრის სეზონისთვის მზადებაც. თუმცა ჯავშნები ზამთრის სეზონზე ჯერ არ დაწყებულა. შემოდგომისთვის კი, ჯავშნების მიხედვით 60%-იან დატვირთულობას ველით. მაგრამ ვნახოთ. ეგრე ივნისშიც გვქონდა ჯავშნები, მაგრამ გაგვიუქმდა. ტურიზმი ძალიან მგრძნობიარეა და ყველაფერს აქვს გავლენა მასზე - ამინდს, გამოსვლებს თუ სხვა ფაქტორებს“, - განაცხადა „ქვევრების“ თანადამფუძნებელმა.
შეგახსენებთ, როგორც გასულ თვეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, წლევანდელი წელი ტურიზმის ინდუსტრიაში რეკორდული და ისტორიაში ყველაზე წარმატებული იქნება. ამასთან, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წელს ქვეყანა ტურიზმიდან $4,5 მილიარდის შემოსავალს ელის.