მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჟიგულები“ ქალაქში ტაქსების რეფორმის გარეშეც აღარ ივლიდნენ - ნიკა ხოფერია

62067c05958db
ინგა მურუსიძე
11.02.22 23:40
12963
მიმდინარე წლის ზაფხულისთვის თბილისის მერმა ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა დააანონსა. აღსანიშნია, რომ პირველი ორი ფაზა ლიცენზიების მინიჭების საკითხს, ტაქსის ფერის მიხედვით ითვალისწინებდა. კალაძე ირწმუნება, რომ ტაქსების მძღოლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აქვთ შეხვედრები, რომ მათი პოზიციები მოისმინონ, რათა მძღოლები არასწორი ინფორმაციებით შეცდომაში არ შეიყვანონ.

Bm.ge დაუკავშირდა ტაქსების რამდენიმე კომპანიას, ყველა მათგანი ამბობს, რომ მერიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ერთ-ერთი არის ტაქსების კომპანია „200-200“. კომპანიის წარმომადგენლისა და თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელის, ნიკა ხოფერიას თქმით, მერიასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არ შემდგარა და არ იცის, თუ რას შეიძლება ითვალისწინებდეს რეფორმის მომდევნო ფაზა.

რაც შეეხება უკვე დაწყებულ რეფორმას და მის პირველ-მეორე ფაზებს, ნიკა ხოფერიას თქმით, მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები არ გამოუწვევია არც ქალაქში და არც ბაზარზე.

„რომ გითხრათ, რომ რეფორმამ რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები მოიტანა ასე არ არის, ავტოპარკის მოწესრიგებაზე ამ რეფორმაზე მეტი გავლენა მოახდინა ტექდათვალიერებამ ქვეყნის მასშტაბით. უსაფრთხოების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა და ა.შ. ტარიფების მიმართულებით რეფორმის გამო არაფერი შეცვლილა.

რეფორმამ ერთადერთი რამ მოიტანა და ეს იყო სტატისტიკა, არ ვიცოდით, რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული, ან თვითდასაქმებული სატაქსო ბიზნესში. ახლა უკვე ეს ინფორმაცია გვაქვს. მანქანები თეთრია, თუმცა ქალაქში ჩვეულებრივი ტაქსებიც დადიან. ავტოპარკის ვიზუალური მხარის შეცვლა ისედაც ხდებოდა. ტაქსის რეფორმა რომ არ გატარებულიყო, „ჟიგულები“ მაინც აღარ ივლიდნენ ქალაქში“, - განაცხადა ნიკა ხოფერიამ.

ის მიიჩნევს, რომ მერიამ რეფორმის მომდევნო ფაზის დროს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ ტაქსები მეტად უსაფრთხო გახდეს და ჰიგიენურ ნორმებს მეტი ყურადღება მიექცეს.

რაც შეეხება ფასებს, ნიკა ხოფერიას თქმით, 2019 წლის შემდეგ ფასები თუ შეიცვალა და ტარიფებმა თუ აიწია, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ცხოვრება ყოველდღიურად ძვირდება. ნიკა ხოფერია თავს იკავებს ფასის ცვლილების კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი დაასახელოს, თუმცა ამბობს, რომ ტარიფმა მოიმატა ზუსტად ისე, როგორც სხვა ყველაფერი გაძვირდა.

„ტაქსების ტარიფები საწვავზე ნაკლებად არის დამოკიდებული, რადგან მათი უმრავლესობა დიზელისა და თხევად გაზის საწვავს მოიხმარს. ამის გამო ტარიფების ცვლილება არ მომხდარა“, - აღნიშნა ხოფერიამ.