საქართველოში ველნეს და სპა სექტორის წამყვანი მოთამაშის, “ჯინო ფერედაისის” ავკაპარკის და სასტუმროს მართვას Gulf Hotels-ი დაიწყებს. მხარეთა შორის შესაბამის მემორანდუმს ხელი 1 აპრილს მოეწერება, შედეგად, თბილისს ახალი სასტუმრო - “გალფ აკვამარინ ჰოტელი” შეემატება.
Gulf Hotels-ი ბაჰრეინის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ჰოლდინგია, რომელიც ბაჰრეინში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, შრი ლანკაში, ტანზანიასა და ზანზიბარში მართავს სასტუმროებს. კომპანიის მიზანია “5-ვარსკვლავიანი სერვისი” “4-ვარსკვლავიანი სერვისის” ფასად მიაწოდოს მომხმარებელს.
საქართველოში “გალფ აკვამარინის” სასტუმრო 218 ნომერს და რესტორანს გააერთიანებს. ჯგუფი ამავდროულად სასტუმროს მიმდებარედ არსებული აკვაპარკის - ჯინო ფერედაისის მართვასაც დაიწყებს.
“ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში Gulf Hotels-ის შემოსვლა ტურიზმის ინდუსტრიისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება:
“ეს პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტიციას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის და მე მჯერა, რომ Gulf Hotels Group-ის გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა განავითარებს და ჩვენს სასტუმროს და აკვა-პარკს საქართველოში მნიშვნელოვან ტურისტულ ატრაქციად აქცევს,”- აღნიშნავს “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე.
“დღეს ავღნიშნავთ მნიშვნელოვან მიღწევას, საქართველოში საქმიანობის დაწყება ჩვენთვის არის Gulf Hotels-ის ზრდის და განვითარების ახალი ეტაპი,”- განაცხადა Gulf Hotels Group-ის თავმჯდომარემ ფარუკ ალმოიაედმა.
Gulf Hotels Group-ის შესახებ:
"Gulf Hotels Group არის საჯარო კომპანია, რომელიც საფონდო ბირჟაზე არის წარმოდგენილი. კომპანია თავდაპირველად 1967 წელს დაფუძნდა და მისი პირველი სასტუმრო - გალფ ჰოტელი 1969 წელს გაიხსნა. მაშინ მხოლოდ 112 სასტუმრო ნომერი და ორი რესტორანი გვაქონდა, ეს იყო ჩვენი ძირითადი სასტუმრო, რომელიც წლების განმავლობაში ფართოვდებოდა. ასევე ფართოვდებოდა ჩვენი ჯგუფიც. ამჟამად სასტუმროში 361 ნომერია ასევე 97 აპარტამენტი, სპა ცენტრი, კონვენციების ცენტრი 10 რესტორანი, ეს უზარმაზარი კომპლექსია.
კომპანია ამჟამად წარმოდგენილია ბაჰრეინში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, შრი ლანკაში, ტანზანიაში, ზანზიბარში, სადაც ზღვის პირა ობიექტი გვაქვს, და ძალიან მალე უკვე საქართველოშიც ვიქნებით,"- BMG-ისთან ინტერვიუში ამბობს კომპანიის საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელი გარფილდ ჯონსი.
ჯინო ჰოლდინგის შესახებ
“ჯინო ჰოლდინგი” საინვესტიციო მრავალპროფილური კომპანიაა რომელიც დაკავშირებულია დასვენების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროში მასშტაბურ პროექტებთან. კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს სასტუმროების, აკვაპარკების, რესტორნების, საცხოვრებელი კომპლექსის განახლებადი ენერგო ობიექტებისა და სოფლის მეურნეობის ობიექტების მშენებლობისა და მართვის სფეროში. ჯინო ჰოლდინგი 2003 წელს სლოვაკეთში დააფუძნა დოქტორ ნოდარი გიორგაძემ. 2012-2022 წლებში ჯინო ჰოლდინგს სლოვაკეთსა და საქართველოში ინვესტრებული აქვს 180 მილიონ ევროზე მეტი, მათ შორის საქართველოში 87 მილიონი ევრო.