ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აეროპორტში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა - ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"ამერიკელები თქვენთან ერთად გლოვობენ და ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან", - განუცხადა ბაიდენმა ისრაელის პრემიერ მინისტრს ორმხრივი შეხვედრის დაწყებისას.
ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო დემოკრატიული ქვეყნებისთვის მოგზაურობა ძალიან კრიტიკული სიგნალი იყო, თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტს ხალხთან "პერსონალურად შეხვედრა" სურდა.
"მინდა ისრაელის ხალხმა და მსოფლიოს ხალხმა იცოდეს, სად დგას შეერთებული შტატები. ისრაელს აქვს ისეთი ღირებულებები, როგორიც ამერიკას და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს, ამიტომ მსოფლიო გვიყურებს და ცდილობს გაიგოს, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ“, - უთხრა მან ნეთანაიჰუს.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შესახებაც გააკეთა კომენტარი.
„ძალიან დამწუხრებული და აღშფოთებული ვარ გუშინ, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო. იმის საფუძველზე კი, რაც ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა გუნდმა გააკეთა და არა თქვენ“, - განუცხადა მან ნეთანიაჰუს.
აშშ-ის პრეზიდენტი, ისრაელში ვიზიტისას, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ამერიკელების ოჯახის წევრებს შეხვდება.
ინფორმაციისთვის: 18 ოქტომბერს ბაიდენის ჩასვლა ისრაელში ემსახურებოდა ძლიერი საჯარო მხარდაჭერის გამოხატვას ისრაელისადმი 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც 1400 ისრაელელი და ათობით ამერიკელი დაზარალდა.