მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Joby Aviation-მა დუბაიში პირველი საჰაერო ტაქსი ჩაიტანა

Joby დუბაი

ამერიკული სტარტაპი Joby Aviation, რომელიც საჰაერო ტაქსების მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, განვითარებას აგრძელებს. მანამ, სანამ კომპანია ოპერირებისთვის საჭირო ყველა ლიცენზიას მისთვის მთავარ ბაზარზე — ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღებს, კომპანიამ პირველი საჰაერო ტაქსი დუბაიში ჩაიტანა, სადაც მგზავრების გადაწყვანა წესით 2026 წლიდან უნდა დაიწყოს. კომპანიას და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ექვსწლიანი შეთანხმებაა გაფორმებული, რომლითაც Joby Aviation-ი დუბაიში საჰაერო ტაქსის სერვისის ერთადერთი მიმწოდებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. “მფრინავი მანქანების” გამოცდა ბოლო წლებში დაჩქარდა. 2021 წელს, Joby Aviation-ის მიერ წარმოებული აპარატები NASA-მ გამოცადა. ეს კოსმოსური სააგენტოს პროგრამის ნაწილია, რომლის მიზნებს შორის, საზოგადოებაში მფრინავი ტრანსპორტის პოპულარიზება, საერთო სამართლებრივი სისტემის შექმნა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება გვხვდება. Joby Aviation-ი პირველი კომპანია იყო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო.

Joby Aviation-ი 2009 წელს დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც საჰაერო ტაქსების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა მსოფლიოში. წლების განმავლობაში, Joby-მ ინვესტიცია სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიისგან მოიზიდა, Toyota, Delta Air Lines-ი და Uber-ი. 2021 წელს, SPAC-კომპანიასთან შერწყმით, Joby Aviation-მა აქციები საფონდო ბირჟაზე განათავსა – დღეს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $8.25 მილიარდია. ბოლო სამ თვეში, კომპანიის კაპიტალიზაცია 95%-ით გაიზარდა, ანუ ფაქტობრივად გაორმაგდა. თუმცა დალისტვიდან დღემდე, ფასი მხოლოდ 7.5%-ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები