"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სამარცხვინოა, როცა ინგლისი - ჯონ ლოკის ქვეყანა მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე, ანუ "ოცნების" წევრების სანქცირებაზე საუბრობს.
„ზოგადად, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი არის ერთგვარი აკვანი დემოკრატიული ცივილიზაციის, დემოკრატიის აკვანი. ვიღაცებს „შერატონი“ ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა“, - განაცხადა პრემიერმა.
გასული წლის 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის "ოცნების" მინისტრი ვახტანგ გომელაური, სულ 5 პირი დაასანქცირა. შს მინისტრის გარდა, სანქცირებულთა შორისაა — შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.
შეგახსენებთ, 13 იანვარს თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, ივანიშვილის სანქცირების წინადადება წარადგინა.




























