საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა. ბოჭორიშვილის შეფასებით, ეს პროცესი ქვეყანაზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობაა.
ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ზოგ შემთხვევაში დამსანქცირებელი ქვეყნები კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ასახელებენ, რაც პროცესს კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს ხდის. მისივე თქმით, ხელისუფლება ამ საკითხს უყურადღებოდ არ ტოვებს და მუშაობს პარტნიორებთან „უსამართლო ნაბიჯების“ გამოსასწორებლად.
"როდესაც ასანქცირებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამართლებენ, ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ქვეყნის შანტაჟი და ზეწოლა უშუალოდ ადამიანებზე ზეწოლის გზით და გარკვეული, ასე ვთქვათ, შიშის თუ რაღაც სხვა გრძნობების გაჩენის მეთოდებით.
ხშირ შემთხვევაში იყო ასეთი შემთხვევებიც, როცა დამსანქცირებელ ქვეყანას, რომელიც განაცხადებდა ტვიტერზე, რომ ასანქცირებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლეგიტიმურად ვკითხავთ, რომ იქნებ სახელები და გვარები მაინც გვითხრათ იმ ადამიანების, ვის ასანქცირებთ, რომ უბრალოდ მან იცოდეს, რომ თქვენს დიდებულ ქვეყანას აღარ ეწვიოს და აღარ შემოგიმტვრიოთ კარი. სახელებს და გვარებსაც არ ასახელებენ ხოლმე და უბრალოდ ასე განცხადებად რჩება.
ცხადად ჩანს, სახელებიც და გვარებიც კი ერთნაირია, შეცდომებიც კი ერთნაირია სახელების და გვარების დაწერის დროს. კიევში დაწერილი სანქციები როგორ იქნა გადაკოპირებული სხვა ქვეყნების მიერ ასეთიც იყო, შეგიძლიათ ნახოთ, დაშვებული შეცდომებიც კი ვერ გამოასწორეს, გვარები რომ გამოესწორებინათ და ასე შემდეგ. არასერიოზულია ერთის მხრივ, თუმცა სერიოზული არის მეორეს მხრივ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ ამ საკითხს. გარდა იმისა, რომ განცხადებებს ვაკეთებთ, ჩვენი მხრიდან კონკრეტულ შემთხვევებში კონკრეტული ნაბიჯებიც იდგმება. მე ახლა ყველაფერზე აქ ვერ ვისაუბრებ, თუმცა გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნებთან, სხვადასხვა უწყებებთან, რომ ის უსამართლო ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, როდესაც ეს მართლაც უსამართლოა, იყოს გასწორებული და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გარკვეული პროგრესი გვექნება ამ მიმართულებით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციისას.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ "ქართული ოცნების" [ასევე ძალოვანი უწყებების] ათობით წარმომადგენელი დაასანქცირეს.




























