მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ცნობილ ადამიანს, ჯორჯ სოროსს მიმდინარე კვირაში 95 წელი შეუსრულდა.
ჯორჯ სოროსი 1930 წლის 12 აგვისტოს ბუდაპეშტში, საშუალო შეძლების ებრაულ ოჯახში დაიბადა. მისი თავდაპირველი სახელი დიორდ შვარცი იყო. ანტისემიტური დევნისგან თავის დასაცავად ოჯახმა გვარი ჯერ შოროშად, შემდეგ კი სოროსად გადაიკეთა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 13 წლის ასაკში, მისი ოჯახი მამამისის მიერ შექმნილი ყალბი დოკუმენტების მეშვეობით გადაურჩა ჰოლოკოსტს, რომლის შედეგადაც უნგრეთში 500 ათასი ებრაელი დაიღუპა.
1947 წელს, 17 წლის ასაკში, სოროსი ლონდონში გადავიდა და ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში ჩააბარა. სადაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა ფილოსოფოსმა კარლ პოპერმა, რომლის „ღია საზოგადოების“ თეორია სოროსის საქმიანობის იდეოლოგიურ საფუძვლად იქცა. სწავლის პარალელურად სოროსი სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა – დაწყებული შავი შრომით, დამთავრებული პროდუქციის გაყიდვებით.
საბანკო კარიერა 1954 წელს დაიწყო, ხოლო 1956 წელს აშშ-ში, ნიუ-იორკში გადავიდა და ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე საბროკერო კომპანიაში მუშაობა დაიწყო. 1966 წელს 100 ათასი დოლარით საკუთარი საინვესტიციო ფონდი შექმნა, რომელიც რამდენიმე წელიწადში „დაბლ იგლს“ ფონდად გადაიქცა. 1973 წელს კი დააარსა „ქვანტუმ ფონდი“, რომელმაც 1981 წლისთვის აქტივები 400 მილიონ დოლარამდე გაზარდა. მისი კარიერის ყველაზე ხმაურიანი მომენტი 1992 წლის 16 სექტემბერს იყო, როდესაც ფუნტის სტერლინგის კურსის ვარდნიდან ერთ დღეში მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
ფონდი ღია საზოგადოება
სოროსის საქველმოქმედო საქმიანობის მთავარი პლატფორმა „ღია საზოგადოების ფონდებია“, რომლებიც 1980-იანი წლებიდან ფუნქციონირებს და დღეს 50-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. მისი მისიაა ღია, დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული საზოგადოების ხელშეწყობა. სოროსის თქმით, მას პირადად გამოუცდია როგორც ფაშისტური, ისე კომუნისტური რეჟიმები და სწორედ ღია საზოგადოებამ მისცა წარმატების მიღწევის საშუალება. ოფიციალური ცნობებით, ქველმოქმედებაში მან 32 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, მათ შორის განათლების, მედიის თავისუფლების, ჯანდაცვისა და კულტურის მიმართულებით.
საქართველოში სოროსის ქსელის წარმომადგენლობა – „ღია საზოგადოება საქართველო“ 1994 წელს დაფუძნდა და 2014 წლამდე ქვეყანაში 80 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო ადამიანის უფლებების, მედიის, განათლებისა და დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. 2024 წლიდან ორგანიზაცია სრულად ადგილობრივ სტრუქტურად ჩამოყალიბდა.
სოროსის ვიზიტები საქართველოში
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სოროსი საქართველოში რამდენჯერმე სტუმრობდა. 2005 წლის მაისში ის პირველად ესტუმრა ქვეყანას, ხოლო 2012 წლის დეკემბერში კერძო ვიზიტით მეორედ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ასევე სოროსი საქართველოში იმყოფებოდა 2014 წელსაც.
2005 წლის ვიზიტი - სოროსმა საქართველოში ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაარსების 10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მაშინ საქართველოში სოროსის ვიზიტს გარკვეული ჯგუფების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აქცია გამართეს "ახალგაზრდა ლეიბორისტებმა". იმავე ვიზიტისას ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა ჯგუფმა სასტუმროსთან სოროსის ავტომობილს კვერცხები დაუშინა.
2012 წლის ვიზიტი - მაშინ, სოროსის დაფუძნებულმა ფონდმა განაცხადა, რომ ჯორჯ სოროსი საქართველოს კერძო ვიზიტით ეწვია.
სოროსს ბიძინა ივანიშვილმა თავის ბიზნეს ცენტრში უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
„ბიძინა ივანიშვილმა და ჯორჯ სოროსმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრება [იანვრის ბოლოს]“, – ეწერა ივანიშვილის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

2014 წლის ვიზიტი - ჯორჯ სოროსი საქართველოს ფონდის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია.
იმჟამინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის ცნობით, 24 იანვარს გამართულ შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და მასზე განხილული იყო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო.
ღარიბაშვილის გარდა, ქართული მხარიდან შეხვედრას იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ღია საზოგადოების ფონდებში (OSF) გაერთიანებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ჯორჯ სოროსის $25 მილიარდის ღირებულების ოჯახური აქტივებს აკონტროლებს, ევროკავშირში თავისი ოპერაციების დიდი ნაწილი დაასრულა. გადაწყვეტილება ჯორჯ სოროსის ვაჟის ხელმძღვანელობის პირობებში 2023 წელს მიიღეს.




























