იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დაუგეგმავი ვიზიტით ეწვია. აღსანიშნავია, რომ ეს თებერვალში ომის დაწყების შემდეგ რეგიონში ევროკავშირის ლიდერის პირველი ოფიციალური გამოჩენაა.
ვიზიტის მთავარი მიზანი სპარსეთის ყურის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და იტალიის ენერგომომარაგების დაცვაა, რაც რეგიონში ირანის მხრიდან მზარდი თავდასხმების ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა. ოფიციალური რომი ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს ინვესტიციები რეგიონში, მათ შორის ენერგეტიკული გიგანტის Eni-ს მეშვეობით, და პარტნიორებს ირანული აგრესიისგან დასაცავად თავდაცვითი შეიარაღებაც მიაწოდოს.
ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ იტალიის ენერგეტიკული სექტორი ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის გამო სერიოზულ გამოწვევებს წააწყდა. გასულ კვირას იტალიამ მიიღო შეტყობინება, რომ კატარი აპრილიდან ივნისის შუა რიცხვებამდე გათხევადებული ბუნებრივი აირის 10 პარტიის მიწოდებას ვეღარ შეძლებს. როგორც ცნობილია, ირანის თავდასხმების შედეგად კატარის ექსპორტის სიმძლავრე 17%-ით შემცირდა, რაც პირდაპირ აისახება იტალიის მოხმარებაზე. ქვეყნის, რომლის გაზის 10%-ს და ნავთობის იმპორტის 12%-ს სწორედ სპარსეთის ყურის ქვეყნები ფარავდნენ.
ენერგოდეფიციტის შესავსებად იტალიის მთავრობა ალტერნატიულ გზებს აქტიურად ეძებს. ჯორჯა მელონიმ გასულ კვირას ალჟირში ვიზიტისას დამატებითი მოცულობების მიღებაზე შეთანხმებას მიაღწია, უახლოეს პერიოდში კი აზერბაიჯანში გამგზავრებასაც გეგმავს. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ივნისიდან იტალია ამერიკული Golden Pass LNG-ის ობიექტიდან თხევადი აირის მიღებას დაიწყებს. რაც შეეხება ქუვეითს, უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, აღნიშნული ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ამჟამინდელი ტურნეს გეგმიდან ამოიღეს.




























