მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯორჯია მეტალი" შექმნის მყარ საფუძველს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ზესტაფონში არმატურის $80-მილიონიანი ქარხანა გაიხსნა, რომელიც იმპორტის ჩანაცვლებას გეგმავს. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას "ოცნების" მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ჯორჯია მეტალის" გახსნა წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია. მისი თქმით, "ჯორჯია მეტალი" შექმნის მყარ საფუძველს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად

„ქარხნის მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ დღეს გვქონდა ქარხნის დათვალიერების შესაძლებლობა. მისი წლიური წარმადობა - 400 000 ტონა არმატურა - მას უკვე აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ობიექტად.

კომპანიის სტრატეგიული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია: შემდეგი ეტაპის - ფოლადსადნობი საამქროს მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქარხანა თავად აწარმოებს ნედლეულს და სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა ბაზრის მოთხოვნას არმატურაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არა მხოლოდ იმპორტის საჭიროებას მოხსნის, არამედ შექმნის მყარ საფუძველს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას ნიშნავს“, - განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება და ინფრასტრუქტურული განვითარება ახალ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან სტიმულს ქმნის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

„ასეთი მასშტაბური პროექტების უკან ყოველთვის დგას კონკრეტული ადამიანების ხედვა და პატრიოტიზმი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს, ბატონებს - ავთანდილ კოჩაძესა და ზურაბ ღიბრაძეს. მადლობა თქვენ ამ პროექტის განხორციელებისთვის და მადლობა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მხოლოდ ამ პროექტით არ გამოიხატება,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ავთანდილ კოჩაძისა და ზურაბ ღიბრაძის მათ მიერ დაფუძნებულმა მეორე კომპანიამ, GTM Group-მა ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 32 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ქართულ ბიზნესს ეროვნული მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. ირაკლი კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა პროექტის ფინანსურ პარტნიორს - „საქართველოს ბანკს“ და მის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს.

„ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ასეთი - ეროვნულ კაპიტალზე დაფუძნებული, თანამედროვე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განვითარების ხელშეწყობაა. ასეთი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში. მოგეხსენებათ, მთელი ამ წლების, განსაკუთრებით კი ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ქმნის საუკეთესო საფუძველს, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესის, წარმოების და კონკრეტულად ინდუსტრიული წარმოების განვითარებას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები