მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ჯორჯიან ეარვეისმა“ რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ფრენები

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის დედაქალაქ რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, სადაც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, რომ იტალია საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მნიშვნელოვან მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს.

"უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი დედაქალაქები დღეიდან, პირდაპირი საჰაერო გზით იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებული. რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" და წარმატებული ფრენები ვუსურვო.

საქართველოდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები, აქამდე, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით სრულდებოდა. დღეიდან კი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან "ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ კვირაში ორი სიხშირით რომის მთავარ აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით შესრულებული პირდაპირი ფრენები დაემატება. ჯამურად კი ქართული ავიაკომპანია იტალიის სამი ქალაქის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით იფრენს",- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

“ჯორჯიან ეარვეისი” უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების მილანსა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან რეისები ფორლის მიმართულებით კვირაში 1 სიხშირით დაიწყო. ჯამურად კი იტალიის მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში 6 სიხშირით ასრულებს ფრენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები