მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JPMorgan Chase-მა საკუთარი AI-მოდელი, IndexGPT შექმნა

ჯეიმი დაიმონი

საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უდიდესმა ბანკმა, ამერიკულმა JPMorgan Chase-მა ხელოვნური ინტელექტის საკუთარი მოდელი - IndexGPT წარმოადგინა. ეს მოდელი, რომელიც Microsoft-ის შვილობილ OpenAI-სთან პარტნიორობით შეიქმნა და ამ დროისთვის, GPT-4-ის ბაზაზე ოპერირებს, დიდად რევოლუციური არ არის, მაგრამ, როგორც ბანკში ამბობენ, ეს ხელოვნურ ინტელექტზე ბაზირებულ ბანკად გარდაქმნის მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

დღეს, IndexGPT-ის მთავარი დანიშნულება - თემატური საინვესტიციო კალათების შექმნაა. IndexGPT-ი შემდეგნაირად მუშაობს - მომხმარებელი ირჩევს თემას, რომელიც აინტერესებს, ხოლო ხელოვნური ინტელექტი ამ თემასთან დაკავშირებულ რამდენიმე ძირითად სიტყვას, ე.წ. “ქივორდს” აგენერირებს. ამ სიტყვების საფუძველზე დიდი ენობრივი მოდელი ათასობით სტატიას აანალიზებს და მომხმარებელს იმ კომპანიების ჩამონათვალს სთავაზობს, რომლებიც მის მიერ არჩეულ თემას ყველაზე კარგად ერგება. როგორც ბანკში ამბობენ, IndexGPT-ი ორჯერ უფრო ეფექტიანია, ვიდრე პროგრამები, რომელთაც ისინი მანამდე იყენებდნენ.

გამოდის, რომ IndexGPT-ის მთავარი დანიშნულება ბაზრის კვლევა და ისეთი კომპანიების აღმოჩენაა, რომლებიც, შესაძლოა, საინვესტიციოდ საინტერესო იყოს, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით ყურადღების მიღმა რჩება. მაშ, ავხსნათ - თუ რა შესაძლო სარგებელს ხედავს JPMorgan Chase-ი ამ ხელსაწყოში? პირველ რიგში ვთქვათ, რომ JPMorgan-ი ბანკია, რომელიც ინვესტორების ტრანზაქციებიდან საკომისიო შემოსავალს იღებს და თუ არსებობს ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია, ტრეიდინგ-აქტივობა გაზარდოს, ბანკისთვის ეს დიდი სარგებელია. ამასთან, IndexGPT-ის დახმარებით JPMorgan-ის ანალიტიკოსებს მომხმარებელთა ქცევისა და ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესწავლა და დასკვნების საფუძველზე ახალი სავაჭრო ფონდების, იგივე ETF-ების შექმნა შეუძლია.

თუმცა IndexGPT-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტის მოდელის არსებობა დადებითად შეიძლება ჩაითვალოს უშუალოდ მომხმარებლისთვისაც, რომელსაც კვლევის და შესაბამისად საინვესტიციოდ ვარგისი აქტივების არეალი ეზრდება. სხვადასხვა მონაცემებით, მსოფლიოში საფონდო ბირჟებზე 58,000-ზე მეტი კომპანიის აქციები ივაჭრება, რაც, ბუნებრივია, საკმაოდ დიდი რიცხვია და ფაქტობრივად ნულის ტოლფასს ხდის იმ შანსს, რომ ინვესტორმა ყველა ეს კომპანია პირდაპირ ეთერში შეისწავლოს. შედეგად, ბევრი კომპანია ინვესტორების ტრადიციული კვლევის არეალის მიღმა რჩება, ხოლო ინვესტორები იმ კომპანიების აქციებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელთაც ინტერნეტში თუ მედიაში ყოველდღიურად ხვდებიან.

საბანკო ეკოსისტემაში ინტეგრირებული AI-მოდელის არსებობით, შესაძლოა, იხეირონ იმ კომპანიებმაც, რომლებიც ინვესტორების ტრადიციული კვლევის არეალის მიღმა რჩებიან. თუ IndexGPT-ის გამოყენებით ინვესტორები ახალ კომპანიებს აღმოაჩენენ და მათი აქციების შესყიდვას დაიწყებენ, ამ კომპანიების ფინანსური ინსტრუმენტების ლიკვიდურობა გაიზრდება, რაც, შესაძლოა, დადებითად აისახოს აქციის ფასზე და შესაბამისად - კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციაზე.

თუმცა IndexGPT-ი, ცხადია, ერთადერთი მიმართულება არ არის, სადაც მსოფლიოს უდიდესი ბანკი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და არც თავად ხელოვნური ინტელექტი არის ახალი ხილი ბანკებისთვის. პირიქით - გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ათწლეულების წინ დაიწყეს, რამაც საგრძნობლად განავითარა, როგორც რისკის შეფასება, ასევე მონაცემთა ანალიზი, ტრეიდინგი და თაღლითობის აღმოჩენის მექანიზმები. დღეს, AI-მოდელებს მსოფლიოს უდიდესი ბანკები იყენებენ: Morgan Stanley-მ შიდასაკომუნიკაციო ჩატბოტი შექმნა, Goldman Sachs-ის დეველოპერები AI-მოდელებს კოდის წერაში იყენებენ, ხოლო Citigroup-ის ანალიტიკოსები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახალ რეგულაციებს ეცნობიან.

AI-რევოლუციაზე ცოტა ხნის წინ Bloomberg-თან ინტერვიუში JPMorgan Chase-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა ისაუბრა. ბანკირის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი რეალური ტექნოლოგიაა, რომელიც ადამიანების ნაწილს ჩაანაცვლებს, მაგრამ თავად ეს ფაქტი, მისი თქმით, საგანგაშო არ არის, რადგან, როგორც ის ამბობს, ტექნოლოგია ადამიანებს ყოველთვის ანაცვლებს.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტი - რეალურია. ჩვენთან, ამ ტექნოლოგიაზე ათასობით ადამიანი მუშაობს, მათ შორის საუკეთესო მეცნიერები და მანუელ ველოსო, ვინც Carnegie Mellon-ის მანქანური დასწავლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ხელოვნური ინტელექტი ცოცხალი ორგანიზმია, ასე რომ ადამიანები რომ კითხულობენ, რა მოხდებაო, საინტერესოა, რადგან ბევრი ახალი მოდელი, ხელსაწყო და ტექნოლოგია გაჩნდება. ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველა პროცესში იქნება ჩართული, მათ შორის შეცდომების ანალიზში, ტრეიდინგში, ჰეჯირებაში, კვლევაში, აპლიკაციასა და მონაცემთა ბაზაში. ამგვარად, შესაძლოა, ის დამხმარე იყოს, მაგრამ შეიძლება ადამიანებიც ჩაანაცვლოს. სააქციო კაპიტალის ჰეჯირებას, უმეტესწილად, სწორედ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვაკეთებთ. ვიყენებთ, როგორც იდეებს, რომელსაც ის აგენერირებს, ასევე დიდ ენობრივ მოდელებს და სხვა ფუნქციონალს. ადამიანებთან საუბრისას, ხელოვნური ინტელექტი ჩანაწერებს აკეთებს და გვეუბნება, რომ, აი, კლიენტი შეიძლება ამით დაინტერესდესო. ამასთან, ამ ტექნოლოგიას შეცდომების ანალიზში და მომხმარებლებთან ურთიერთობის დროსაც ვიყენებთ - მარტივად რომ ვთქვათ, ცოტათი ყველაფერში”, - განაცხადა ჯეიმი დაიმონმა Bloomberg-თან.

შეგახსენებთ, რომ უოლ-სტრიტის ტიტანი დომინაციას განაგრძობს - მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის წმინდა მოგება $18 მილიარდამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია და კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებულ რეკორდულ შედეგს წარმოადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში JPMorgan-ის შემოსავალმა $51 მილიარდი შეადგინა, რაც ასევე მკვეთრად, კერძოდ 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ბანკის წარმატება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ზრდაა. როგორც წესი, ასეთ დროს ინვესტორები და დეპოზიტარები ყველაზე უსაფრთხო საფინანსო ინსტიტუტებს ირჩევენ, JPMorgan-ს კი ამერიკის მთავრობაც კი არაერთხელ გადაურჩენია, ამიტომაც ის შეუბღალავი რეპუტაციით და გავლენით სარგებლობს. გარდა ამისა, გაძვირებული კრედიტი, კაპიტალზე გაზრდილი მოთხოვნა და 50%-ით მომატებული საკომისიოები ბანკის შემოსავლიანობაზე დადებითად აისახება, რასაც რიცხვებშიც მკაფიოდ ვხედავთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები