ხელოვნური ინტელექტის განვითარების წყალობით, JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელი ჯეიმი დაიმონი სამუშაო კვირის სამნახევარ დღემდე შემცირებას ვარაუდობს. დაიმონმა ტექნოლოგიურ პროგრესსა და მის გავლენაზე Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა. ბანკირის განცხადებით, მომავალი თაობები ჩვენზე გაცილებით ნაკლებს იმუშავებენ, რაც ტექნოლოგიური ინოვაციების მიერ შრომის პროდუქტიულობის ზრდით იქნება განპირობებული.
დაიმონის აზრით, AI-ის შესაძლებლობები მხოლოდ სამუშაო საათების ოპტიმიზაციით არ შემოიფარგლება. მისი თქმით, მოწინავე ტექნოლოგიები მედიცინის სფეროში გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანს, რაც განვითარებულ სახელმწიფოებს ჯანმრთელობის ხარისხს და სიცოცხლის ხანგრძლივობას საგრძნობლად გაზრდის.
ამასთან, JPMorgan-ის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სამუშაო დატვირთვის კლებასთან ერთად, მოსახლეობას თავისუფალი დროის განკარგვის მეტი საშუალება ექნება, რაც გასართობ აქტივობებზე მოთხოვნას გაზრდის.
ცხადია, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, რასაც დაიმონიც არ უარყოფს. ბუნებრივად, ავტომატიზაციის პროცესი სამუშაო ადგილების ნაწილობრივ ჩანაცვლებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელმა კადრების გადამზადებისა და ახალ რეალობასთან ადაპტაციის აუცილებლობაზე მიუთითა. მიუხედავად გამოწვევებისა, დაიმონი ფიქრობს, რომ ხელოვნურ ინტელექტს კაცობრიობის და გლობალური ეკონომიკის განვითარებაზე პოზიტიური გავლენა ექნება.




























