ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მსოფლიოს უმსხვილეს ბანკს, JPMorgan Chase-ს 350 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა.
FED-ის განმარტებით, 2014-2023 წლებში JPMorgan-მა კლიენტების ტრეიდინგ აქტივობის სათანადო მონიტორინგი ვერ უზრუნველყო, რითაც არალეგალური ტრანზაქციების განხორციელებას და აშშ-ის საბანკო-საფინანსო კანონმდებლობის დარღვევას შეუწყო ხელი.
JPMorgan-ის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნული ხარვეზი ბანკის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტმა თავად აღმოაჩინა და კომპანია მზად არის, პასუხი აგოს იმ დარღვევისთვის, რაშიც მას ბრალი ედება. ამ შემთხვევაში საუბარია მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებულ მილიარდამდე ტრეიდზე, რომელთა შესახებ JPMorgan-ს ზედამხედველი ორგანოსთვის სათანადო ინფორმაცია არ მიუწოდებია.
ცნობისთვის გეტყვით, რომ JPMorgan-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 550 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ბანკს წარმოადგენს, რომელიც თითქმის 4 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს.