საერთაშორისო და ადგილობრივმა ბანკებმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ფილიალები დახურეს და თანამშრომლებს სახლიდან მუშაობა დაავალეს მას შემდეგ, რაც ირანული დრონის ნამსხვრევები დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის განაპირას მდებარე შენობას დაეცა - ამის შესახებ გამოცემა TheBanker.com წერს.
კერძოდ, მედიის ცნობით, Standard Chartered-მა შემდგომ შეტყობინებამდე დახურა თავისი ფილიალი ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში. ბანკის სხვა ფილიალები რიფასა და ბუდაიაში მუშაობას აგრძელებენ, თუმცა შემცირებული სამუშაო საათებით.
ინდური ICICI Bank ბაჰრეინში თავის ყველა ფილიალს ხურავს. მიზეზად "ბაჰრეინში შექმნილი ამჟამინდელი ვითარება და ყველას უსაფრთხოებისთვის მიღებული პრევენციული ზომები" სახელდება. ბანკი ხურავს თავის მთავარ ფილიალს მანამაში, სიფის რაიონში, ასევე მომსახურების ცენტრებს Oasis Mall-ში, ჯუფაირსა და Dana Mall-ში.
ადგილობრივი ისლამური ბანკი Al Salam Bank შემდგომ ცნობამდე ხურავს სანაბისის ფილიალს, ხოლო მისი სხვა ფილიალები შემცირებული სამუშაო საათებით აგრძელებენ ოპერირებას. ბაჰრეინის ეროვნული ბანკი კი ქვეყნის მასშტაბით არსებული 20 ფილიალიდან ნახევარს ხურავს.
ხუთშაბათს HSBC-მ ასევე განაცხადა, რომ დროებით დახურა თავისი სამი ფილიალი კატარში.
ირანის რეჟიმის პრესსპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაღარიმ ოთხშაბათს მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სპარსეთის ყურის რეგიონში ბანკებისგან რამდენიმე კმ-ის დაშორებით იყვნენ, რადგან ისინი სამიზნეებს წარმოადგენენ. ეს არის პასუხი თეირანში ირანულ სახელმწიფო ბანკ "სეფაჰთან" დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე.
"ამ არალეგიტიმური და უჩვეულო ქმედებით მტერი გვაიძულებს, სამიზნეში ამოვიღოთ რეგიონში აშშ-სა და სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებული ეკონომიკური ცენტრები და ბანკები", - ციტირებს სახელმწიფო მედია ზოლფაღარის განცხადებას
ადგილობრივი მედიის ცნობით, მცირე დაზიანება მიიღო UP Tower-ის ექსტერიერმა, რომელიც DIFC-ის მთავარი შენობიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს.
შენობის დაზიანებას წინ უძღოდა დრონით დარტყმა, რომელიც დუბაის Creek Harbour რაიონში მდებარე სასტუმრო-რეზიდენციას მოხვდა, და კიდევ ერთი მცირე ინციდენტი ალ ბადაას საცხოვრებელ უბანში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მანამდე, ოთხშაბათს Citigroup-მა დუბაიში თავისი ოფისების ევაკუაცია მოახდინა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში მოქმედმა სხვა საერთაშორისო ბანკებმა თანამშრომლებს შემდგომ შეტყობინებამდე დისტანციურად მუშაობა დაავალეს.
"[არაბთა გაერთიანებულ საამიროებში] ჩვენი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დისტანციურად მუშაობდა, ახლა კი ჩვენ სრულად დისტანციურ მოდელზე გადავედით აგს-ში ბაზირებული ყველა კოლეგისთვის," - განუცხადა Citi-მ გამოცემა The Banker-ს.
Bloomberg-ის ცნობით, რომელიც ინფორმირებულ პირებს ეყრდნობა, გუშინ Goldman Sachs-მა თანამშრომლებს დაავალა, რომ ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით ოფისებში მისვლამდე ხელმძღვანელობისგან ნებართვა აიღონ.
სხვა ბანკებმაც, მათ შორის JPMorgan, Houlihan Lokey, UBS, Deutsche Bank და BNP Paribas-მა, თანამშრომლებს სახლიდან მუშაობა სთხოვეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავიანთი ოფისები დუბაიში დახურეს PwC-მ და Deloitte-მაც.




























