თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება დღეს, 23 აპრილს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
ბურჭულაძესთან ერთად, პატიმრობა მიესაჯათ ამავე საქმეებზე ბრალდებულებს მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას და ცოლისძმას ვასილ მხეიძეს. მათ სასამართლომ 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი გასული წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, მან 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ბურჭულაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს ამბობდა. ერთადერთი ვისაც ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ვლადიმერ ღუდუშაურია. ის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსია, რომელიც 4 წლით პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით გათავისუფლდა.




























