ჯუთამდე მისასვლელი გზის აღდგენაზე ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები მუშაობენ. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, ჯუთას გზაზე არსებულ ვითარებას მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო.
"მოსულები ვართ სპეციალისტებთან ერთად იმისთვის, რომ ადგილზე ვნახოთ სიტუაცია, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მივიღოთ სწორი საინჟინრო გადაწყვეტილება და რაც შეიძლება მოკლე ვადაში ეს გზა გაიხსნას,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ ჯუთამდე მისასვლელი დაზიანებული გზის დათვალიერების შემდგომ.
აღსანიშნავია, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად, სოფელ ჯუთასთან მისასვლელი გზა დაზიანდა.
"პირველ ეტაპზე, პრიორიტეტი იყო მოსახლეობისა და დამსვენებლების გადაადგილებისთვის დროებითი საგზაო კავშირის უზრუნველყოფა. თუმცა, მეწყრის მასშტაბიდან და დინამიკის ინტენსივობიდან გამომდინარე, საფრთხე კვლავ რჩება აქტიური.
ამჟამად მიმდინარეობს დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმება მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები.
პროცესში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები, რაც უზრუნველყოფს პრობლემის კომპლექსურად შეფასებას და გზის სტაბილური კავშირისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
როგორც მინისტრი რევაზ სოხაძე აცხადებს, უნდა ჩატარდეს ყველა საჭირო სამუშაო იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს მეწყრის საფრთხე და უსაფრთხოდ გადაადგილება იყოს შესაძლებელი.
"უახლოეს პერიოდში, ასევე, დავიწყებთ სამუშაოს დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდისთვის სამუშაოების და შესაბამისი ღონისძიებების გატარებისთვის,“ - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.




























