მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კადრების დეფიციტი არ შეიქმნება, ბაზარი მარტივად დაარეგულირებს - მიხეილ ჭელიძე უცხოელების დასაქმების შეზღუდვაზე

შრომის ინსპექცია

მცირე და საშუალო საწარმოთა ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ მუდმივი ბინადრობის არ მქონე უცხოელებისთვის კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად დასაქმების აკრძალვა ამ სფეროებში კადრების დეფიციტს არ შექმნის.

როგორც მიხეილ ჭელიძემ BMG-ის განუცხადა, განსაკუთრებით ამ სექტორებში უცხოელი დასაქმებულები ადგილობრივ მუშახელთან კონკურენციაში შედიოდნენ, შესაბამისად, მოლოდინი არაა, რომ ამ მიმართულებით დეფიციტი შეიქმნას.

მისივე თქმით, უცხოელ მუშახელს საშუალება ექნება რომ ისეთ სექტორებში დასაქმდეს როგორიცაა მაგალითად მშენებლობა, სადაც მსგავსი შეზღუდვები არაა დაწესებული.

“ნებისმიერ ჩვენგანს გამოგვიძახებია კურიერი და ვერ აგნებს [მისამართს], ქუჩა არ იცის, უბანი არ იცის. იგივე [უცხოელ] ტაქსისტებზეც. ამაზეა საუბარი, რომ [დასაქმებულები], ვინც პირდაპირ შეხებაში არიან კლიენტთან, მყიდველთან და ენობრივი პრობლემა აქვთ, ეს რომ ჩაიხსნას. [სანაცვლოდ] ის ადამიანი წავა და მშენებლობაზე დასაქმდება, ანუ თუ ის კვალიფიციური კადრია და კარგი კადრია, არ დაიკარგება. მაგალითად, თუ გერმანიაში ენა თუ არ იცი, საერთოდ ვერ დასაქმდები და ჩვენთანაც ეს თემა დარეგულირდა, რომ მოსახლეობისთვის კომფორტული იყოს ამ მომსახურებების მიღება.

ეს სამი სფერო, რომელიც ჩამოვთვალეთ - მათ შორის ტაქსი, კურიერები, აქ დეფიციტი ნამდვილად არ შეიქმნება. პირიქით, უხეშ კონკურენციაში შედიოდნენ და უფრო ჩვენი მოქალაქეები რჩებოდნენ დაზარალებულები და ეს თემა [მოგვარდება].

ზოგადად მე აკრძალვების და ბიუროკრატიის მომხრე არ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართველი დასაქმებულები უფრო დაცულები უნდა იყვნენ უცხოელ დასაქმებულებთან შედარებით, ანუ ამაზეა საუბარი. [დეფიციტის] პრობლემა ნამდვილად არ შეიქმნება, ბაზარი ამას დაარეგულირებს მარტივად”, - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით მუდმივი ბინადრობის არ მქონე უცხოელები საქართველოში კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად ვეღარ დასაქმდებიან, სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი უცხოელებს შრომითი საქმიანობის უფლების აღება მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები