მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[კადრების დეფიციტის] აღმოფხვრის მოკლევადიანი საშუალება სამუშაო ძალის იმპორტია" - ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, კადრების დეფიციტის აღმოფხვრის მოკლევადიანი საშუალება უცხოელთა დასაქმებაა და ახალ რეგულაციებს, შესაძლოა, გვერდითი ეფექტი ჰქონდეთ - ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვის ვალდებულება აქვს, თუმცა აუცილებელია დიალოგი ბიზნესთანაც, რათა მათ საქმიანობას ხელი არ შეეშალოს.

"სახელმწიფოს, ცხადია, აქვს ლეგიტიმური უფლება და მათ შორის ვალდებულებაც, რომ ა) დაიცვას ადგილობრივი შრომის ბაზარი და ბ) უსაფრთხოების ნაწილში ჰქონდეს ინფორმაცია, ქვეყანაში ვინ შემოდის, ვინ გადის და ეს ცხადია, მათი ლეგიტიმური ინტერესია. ამას ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ.

მეორე მხრივ, ცხადია, ის დეტალური პროცედურები, რომელიც გაწერილია, არის რეგულაცია, რომელსაც შეიძლება გარკვეული გვერდითი ეფექტი ჰქონდეს. ვფიქრობთ, პოლიტიკის დამდგენისთვისაც ძალიან საინტერესოა, პირდაპირი შეხვედრა ჰქონდეს ბიზნესთან, რათა მათგან მოისმინოს კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც შეიძლება კონკრეტულ ბიზნესს ჰქონდეს, იმისათვის, რომ, თუ რამეა დასაკორექტირებელი, ყველამ ერთად დავაკორექტიროთ და რაც მთავარია, ბიზნესპროცესებს ხელი არ შევუშალოთ.

იქ, სადაც გვაქვს კვალიფიკაციების მხრივ სერიოზული დეფიციტი და პრობლემა, ამის აღმოფხვრის მოკლევადიანი საშუალება არის სამუშაო ძალის იმპორტი. გრძელვადიანი არის ადგილზე გადამზადება, თუმცა მოკლევადიან ამოცანის გადასაჭრელად, სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე ვერ იქნება. ამიტომ, იმისათვის, რომ ბიზნესის ოპერირებას ხელი არ შეეშალოს, უნდა იყოს ძალიან მაღალი დონის დიალოგი და კომუნიკაცია შესაბამის ორგანოებთან", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

კითხვაზე, მოუწევთ თუ არა კომპანიებს უკვე დასაქმებული უცხოელების გათავისუფლება 1-ელი მარტიდან და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, რამდენად მზად არის საქართველოს შრომითი ბაზარი, ეს დანაკლისი შეავსოს, BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ჯერჯერობით კომპანიებში რეგისტრირებული (და არა თვითდასაქმებული) მიგრანტების გათავისუფლების საკითხი არ დგას.

"ვისაც ჰყავს უკვე დასაქმებული და ისინი არიან რეგისტრირებულები, მათ კონტრაქტის ვადით, არაუმეტეს წლის ბოლომდე უნარჩუნდებათ სტატუსი. მათ ჯერჯერობით ახალი სისტემით რეგისტრაცია არ ესაჭიროებათ, თუ ძველი სისტემით არიან რეგისტრირებულები - დაახლოებით 150 000 უცხოელი მიგრანტია ამ ეტაპზე ოფიციალურად რეგისტრირებული. ამ წლის განმავლობაში, 2027 წლის 1 იანვრამდე, მოუწევთ ხელახლა მიიღონ ახალი სისტემით რეგისტრაცია. ანუ საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ ვიღაცა უნდა გაათავისუფლოს, არაა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ადგილობრივი დასაქმებულები, გიდების მიმართულებით და ასე შემდეგ, გამოხატავდნენ წუხილს, რომ კონკურენციაში ვერ შედიოდნენ [უცხოელებთან] და ამაზე ერთად ვსაუბრობდით, რომ ეს არის პრობლემა. [ირაკლი კობახიძის] დადგენილებამ ამ გამოწვევას უპასუხა. თუმცა თუ დეფიციტი შეიქმნა, ამაზე ალბათ უნდა ვიმსჯელოთ ერთად, რა გამოსავალი შეიძლება იყოს, თუ დეფიციტი არსებობს... თუმცა ყველანი ერთად ვმუშაობდით, რომ ეს მიმართულება, მაგალითად გიდები, გამყოლები და ასე შემდეგ, დაგვეცვა, იმიტომ რომ იყვნენ მოწყვლადები და ვერ შედიოდნენ კონკურენციაში უცხოელ გიდებთან. საკურიერო ბიზნესთან მიმართებით ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენი წევრები ეს კომპანიები არ არიან და ინფორმაცია, ამ კუთხით რა ჩანაცვლდება და როგორ, არ მაქვს. თუმცა, აქაც ალბათ ქართული ბაზრის დაცვაზეა საუბარი", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, რეგულაციის ამოქმედება მსხვილი კომპანიების პროდუქტისა და მომსახურების გაძვირებას არ გამოიწვევს, რადგან უცხოელი თანამშრომლების დარეგისტრირება მათთვის ერთჯერადი ხარჯია.

"მოდი, ვილაპარაკოთ მსხვილ კომპანიებზე და ნუ ვილაპარაკებთ კურიერებზე, იმიტომ რომ კურიერები ცოტა სხვა თემაა. აქ არის ერთჯერად ხარჯებზე საუბარი და ეს თანხა არ არის განსაკუთრებულად კოლოსალური. როცა ლაპარაკია ორ-სამ წლიან კონტრაქტებზე და იქ 200 ლარი იქნება რეგისტრაციისთვის, ცხადია, ეს მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო ფასზე", - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს „შრომითი საქმიანობის უფლება“ ესაჭიროება. ამ უფლების გაცემაზე პასუხისმგებელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა. თუმცა, მთავრობამ კვოტირების მექანიზმი გამოიყენა და რამდენიმე პოპულარულ საქმიანობაზე ნულოვანი კვოტა დააწესა. მათ შორისაა, საკურიერო მომსახურება, ტაქსით მგზავრთა გადაყვანა და ტურისტული გიდის მომსახურება. მათთვის, ვინც უკვე მუშაობს საქართველოში, დაწესდა გარდამავალი პერიოდი:

  • თვითდასაქმებულები (კურიერები/მძღოლები): აღსრულების მექანიზმი მათზე 2026 წლის 1 მაისიდან გავრცელდება.
  • რეგისტრირებული იმიგრანტები: მათ, ვინც უკვე ბაზაშია, სტატუსის მოსაწესრიგებლად ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე მიეცათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები