კადრების გადინება ტურიზმის სექტორზე განსაკუთრებით აისახა, - ამის შესახებ ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნატალია კვაჭანტირაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის დაწყების შემდეგ, პირველი ლოქდაუნიდანვე გაჩნდა ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც უშუალოდ არა მხოლოდ მცირე, არამედ მსხვილ ბიზნესებსაც შეეხო, განსაკუთრებით სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიიდან.
„მუშახელის გადინება სექტორზე განსაკუთრებით აისახა. ეს იყო ძალიან მტკივნეული, რადგან კადრების შენარჩუნების საკითხი ძალიან რთულად უდგას ტურიზმის სექტორს. ცდილობენ სახელფასო ზრდით თუ სხვა მიდგომებით შეინარჩუნონ კადრები, მაგრამ პროცესი ძალიან რთულია. ლოქდაუნების და ჩაკეტვების შემდეგ სამსახურიდან წასულმა კადრებმა აღარ მოინდომეს დაბრუნება და ეს ლოგიკურიც არის, რადგან ტურიზმის სფერო სტაბილურად აღარ აღიქმება. ჩვენი ასოციაციის წევრებიდან არც ერთი არ დახურულა, თუმცა ცდილობენ, რომ ბიზნესი ონლაინ-რეჟიმში გადაიყვანონ“, - განაცხადა ნატალია კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, მუშახელის პრობლემის მოგვარება ასოციაციამ კოლეჯებთან თანამშრომლობით სცადა, რომელიც სწორედ სტუმარ-მასპინძლობის დარგისთვის ამზადებს კადრებს.
„ახლა დავასრულეთ კვლევა, რომელშიც გამოიკვეთა ის, რომ კოლეჯს და დამსაქმებლებს შორის არ არის მჭიდრო და ინტენსიური კომუნიკაცია. დამსაქმებლები ხაზს უსვამენ, რომ უნდათ თანამშრომლობა კოლეჯებთან, ხოლო კოლეჯებს რომ კითხოთ, დამსაქმებლები მათ ინიციატივებს არ იღებენ. ახლა ჩვენ მაკოორდინირებელი როლი ავიღეთ, რომ მათი კოლაბორაცია შედგეს და მუშახელის პრობლემა დავარეგულიროთ“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.




























