ქუთაისში მდებარე სამკერვალო „იმერის“ კომერციული დირექტორი, ზაზა გვენეტაძე ამბობს, რომ კადრების დეფიციტის და კვალიფიკაციის პრობლემა კვლავ მწვავეა.
როგორც მან BMG-ს გამოწვევებთან დაკავშირებით განუცხადა, ნაწილობრივ გავლენა 40-საათიან სამუშაო კვირაზე გადასვლამაც მოახდინა, რადგან რიგ შემთხვევებში კომპანია შეკვეთების შესრულებას ამ დროში ვერ ახერხებს, დამატებითი სამუშაო კი ზეგანაკვეთურად უნდა აანაზღაუროს.
„ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. ახალგაზრდები თითქმის არ მოდიან სამუშაოდ. ისეთი ანაზღაურება არ გვაქვს, როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია. ზოგი ემიგრაციაში მიდის, ზოგი სხვა სამუშაოს ეძებს. ათვისებაც უჭირთ, კვალიფიკაციის პრობლემაცაა. მომზადებული კადრი არ მოდის, აქ თუ მოვამზადებთ. გვიჭირს, თუმცა ვცდილობთ შეკვეთები შევასრულოთ“,- ამბობს „იმერის“ კომერციული დირექტორი.
მისივე თქმით, შეკვეთები განახევრებულია, რადგან თავად დამკვეთების პროდუქციაზე მოთხოვნამ იკლო.
„თითქმის განახევრებულია შეკვეთები. ზოგადად, მთელს მსოფლიოში ტექსტილისთვის ცუდი წელია. ევროპელები ვეღარ ყიდიან. ვის შეკვეთასაც ვასრულებთ, მოთხოვნა შეუმცირდათ მათ. იტალიურ ბრენდთან ვთანამშრომლობთ, ქალის და მამაკაცის ქურთუკებს ვუკერავთ. ოპტიმისტურად ვერ ვარ განწყობილი, თუმცა არსებული რაოდენობები თუ შევინარჩუნეთ, კარგი იქნება“,- ამბობს ზაზა გვენეტაძე.
კადრების მოძიება პრობლემაზე მიუთითებს სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილიც“. კომპანიის დირექტორმა, გია ლომინაძემ BMG-ს უთხრა, რომ 40-საათიან სამუშაო კვირაზე გადასვლამ კომპანიას შრომის ანაზღაურების მიმართულებით დანახარჯები 15%-ით გაუზარდა. გაზრდილი ხარჯების ფონზე კი, საქართველო კონკურენტუნარიანობას კარგავს, ამიტომ სავარაუდოა, რომ დამკვეთები სხვა ქვეყნებზე გადაერთვებიან.