მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაფე „გლიცინია“ ბაღდათში - რას სთავაზობს მულტიფუნქციური სივრცე სტუმრებს?

64b124fabc1e5
ვიქტორია მღებრიშვილი
14.07.23 14:55
2168
ბაღდათში, 12 მაისს სატესტო რეჟიმში გახსნილი მულტიფუნქციური კაფე „გლიცინია“ დღეს უკვე სრული დატვირთვით, აქტიურად მუშაობს და კარს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმარს უხსნის.

საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გახსნილი მულტიფუნქციური კაფე პროფესიით პედაგოგის ნათია ფურცელაძისა და ფოტოგრაფ გიორგი ცაავას ოჯახური ბიზნესია. წყვილმა თბილისში ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნება და იქ საინტერესო სივრცის შექმნა გადაწყვიტა. კაფეს ამოქმედების ისტორიის და რეგიონის განვითარებაში მისი როლის შესახებ BM.GE-სთან ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნათია ფურცელაძემ ისაუბრა.



„ბაღდათში ბიზნესის წამოწყება მე და ჩემს მეუღლეს ბევრი წლის განმავლობაში გვინდოდა. წელს ამ იდეის განხორციელება შევძელით. გვინდოდა, ჩვენს შვილებს ბაღდათში ცხოვრების გამოცდილება მიეღოთ და ამასთან, შეგვექმნა სივრცე, რომელიც ადამიანებს ისეთ შესაძლებლობებს შეუქმნიდა, რომელიც თავის დროზე ჩვენ აქ ცხოვრებისას გვინდოდა, გვქონოდა და არ გვქონდა.

„გლიცინია“ ფაქტობრივად ბოლო ერთ წელიწადში დაიბადა. ამ იდეის განხორციელებაში „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერის პროგრამა დაგვეხმარა, რამაც პროექტის 8 თვეში შესრულების შესაძლებლობა მოგვცა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული გავაფერადეთ და კაფედ ვაქციეთ.

„აწარმოე საქართველოს“ გასულ წელს მოპოვებული გრანტი სრულად სამზარეულოს მაღალხარისხიანი ინვენტარითა და დანადგარებით აღჭურვაზე დაიხარჯა. ამ ფულადმა შესაძლებლობამ სამზარეულოში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის შესაძლებლობა მოგვცა. დანარჩენი სამუშაოები, რაც სივრცის გაახლებას და მოწყობას დასჭირდა, ჩვენი დანაზოგებით შევასრულეთ, ამასთან კაფეში არსებული ინვენტარი სრულად ჩვენი ხელითაა შექმნილი და ჩვენი გემოვნებით გაფორმებული, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ნივთებს წლების განმავლობაში ვაგროვებდით. ამიტომ რთული იქნება იმის თქმა - რა თანხა დაგვჭირდა კაფეს იმ სახის მისაღებად, როგორიც დღეს ის არის, ფინანსურ კომპონენტთან ერთად ხომ მასში დიდი სიყვარული და ენერგია ჩავდეთ“, - ყვება ნათია ფურცელაძე.



ბაღდათში მოქმედ კაფეში სტუმრებს საინტერესოდ წარმოდგენილი იმერული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. აქ პიცას „მარგალიტა ბებია“ ჰქვია და სულგუნით მზადდება, იმერულ ხაჭაპურს პიტნით მიირთმევთ, ბელგიური ვაფლს იმერულად, მჭადის სენდვიჩი კი სტუმრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ა.შ. მულტიფუნქციურ კაფეს ბაღდათელებსა და ადგილობრივებთან ერთად ტურისტებიც სტუმრობენ და საინტერესო გამოცდილებას იღებენ.



თუმცა კაფეს დამფუძნებლები „გლიცინიას“ რეგიონის განვითარებისა და გაერთიანების მულტიფუნქციურ სივრცედ აღიქვამენ. სწორედ ამიტომ „გლიცინია“ გემრიელ კერძებსა და სასმელებთან ერთად, დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის შესაძლებლობას აძლევს - ტრენინგები, შეხვედრები, შემეცნებითი და განმავითარებელი თამაშები და ა.შ. ამ სივრცეს ერთდროულად 30-40 ადამიანის მიღება შეუძლია. ერთ-ერთი სივრცე კი კაფეში სპეციალურად მცირე ბიბლიოთეკას ეთმობა, რომლის ფონდსაც ნათია ფურცელაძე წლების განმავლობაში ქმნიდა. დღეს, პროფესიით მასწავლებელი ბაღდათელ ახალგაზრდებსა და დაინტერესებულ პირებს ამ სივრცით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

„ვფიქრობთ, ეს მრავალფუნქციური სივრცეა, სადაც ადამიანებს დასვენება, განტვირთვა და მუშაობა შეუძლიათ.

კაფეში ერთი სივრცე მცირე ბიბლიოთეკას ეთმობა. ვაპირებთ ფოტოხელოვნების მიმართულების და წიგნის მაღაზიის განვითარებას. ვმუშაობთ ეზოს მოწყობაზეც, სადაც სულ მალე სტუმრებს კინოჩვენებებს და სხვა საინტერესო აქტივობებს შევთავაზებთ. ვცდილობთ, „გლიცინია“ ისეთი კუნძული იყოს, რომელიც, ერთი მხრივ, ახალგაზრდების განვითარებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, მეგობრებთან ერთად განტვირთვისთვის საინტერესო ადგილია“, - აღნიშნავს ნათია ფურცელაძე.

დღეისთვის დამფუძნებლების ჩათვლით კაფე 5 სამუშაო ადგილს ქმნის. „გლიცინიას“ მმართველები თვლიან, რომ მათი მცირე ბიზნესი მომავალში უფრო მეტად განვითარდება და ტურისტული თვალსაზრისითაც ბაღდათში გაჩერების სურვილს ბევრ უცხოელს გაუჩენს.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები