ტურისტული კომპანია Travel to Georgia-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი, ქუთაისში ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურიზმის მაჩვენებლებით უკმაყოფილოა. პირველი ოთხი თვის შედეგები იმერეთში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელმა BMG-ისთან შეაფასა.
მისი განმარტებით, ადგილობრივ ტურიზმში მეტწილად ის მოგზაურები მოიაზრებიან რომელიც რეგიონებს ნათესავებისა და ახლობლების მოსანახულებლად სტუმრობენ. ამ დროს კი ტურიზმში ჩართული სხვადასხვა ბიზნესი შემოსავალს არ იღებს. შესაბამისად, ადგილობრივი ტურიზმის გაზრდილი მაჩვენებელი, მისი შეფასებით იმერეთში უფრო საკვებ ობიექტებზე აისახა, ვიდრე სასტუმროებსა და ტურისტულ კომპანიებზე.
„კვების ობიექტების მხრივ ტურიზმის კუთხით მდგომარეობა კარგია. აქედან გამომდინარე ბევრი ახალი ობიექტი დაგვემატა ქალაქში. თუმცა რაც შეეხება სასტუმროს, ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს, ისინი აღნიშნავენ, რომ წელს უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდათ, ვიდრე არის. წინა წლის რიცხვებს, რომ ვადარებთ იგივე მდგომარეობა გვაქვს, ან ნაკლები, მაშინ როცა 20%-ით მეტი მაინც უნდა გვქონოდა“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იმერეთს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, თუმცა ინფრასტრუქტურული გაუმართაობა რეგიონს ამ ხიბლს უკარგავს. ლაშა ბერეკაშვილი იმერეთში სხვადასხვა კურორტზე მიმზიდველობის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს.
„შიდა ტურიზმში სწრაფი, ნახტომისებური ზრდა რომ გვქონდეს, ამას ინფრასტრუქტურული მზაობა სჭირდება. იმერეთს თუ ეწვევით, ვერც ერთ ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილთან ვერ ნახავთ განახლებულ ბანერებს, მოწესრიგებულ ავტოსადგომს, საპირფარეშოს, გზის მაჩვენებელს, რომლებიც ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს კომფორტულ გადაადგილებაში დაეხმარებიან. იმერეთში 12 მუნიციპალიტეტი გვაქვს და აქედან ტურიზმში „აქტიურად ჩართული“ 2-3 მუნიციპალიტეტია. დანარჩენი გამოთიშულია ან გამტარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩავარდნაა ჩვენი აზრით, იმერეთის ტურიზმთან დაკავშირებით.
ასევე იმერეთში გვაქვს აქტიური კურორტი წყალტუბო, მაგრამ ასევე გვაქვს პასიური კურორტი ვანში - სულორი, რომელიც დაეხმარებოდა კომბინირებულად ვანის მუზეუმს და იმერეთს უფრო მიმზიდველს გახდიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმერეთში ჩამომსვლელ სტუმარს რეგიონში მეტი დროით დარჩენის სურვილს გაუჩენდა. ასევე ბაღდათში არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ხანი, სადაც გოგირდოვანი წყლებია და კურორტი, რომლის აღდგენა ასევე დაეხმარებოდა იმერეთის ტურიზმს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კურორტი ნუნისი, რომელიც ფაქტობრივად ყველამ მიივიწყა და გზა არ არის მოწესრიგებული. იმერეთს ტურისტული კუთხით განვითარების ბევრად მერი შესაძლებლობა აქვს, ოღონდ ეს ბანალური სიტყვების არ არის. უბრალოდ არ არის გამართული ინფრასტრუქტურულად, რაც ტურისტს აქ მეტი დროის გატარებაში შეუწყობდა ხელს. ეს მიზეზი ჩვენ მათ უნდა მივცეთ.
ასევე გელათი, რომელიც დღეს დაკეტილია უკვე მეოთხე წელია და სრულფასოვნად ღია არ არის, რაც იმერეთის და ქუთაისის მიმზიდველობას ხელს უშლის. ეს ერთი პატარა ნიუანსი, საბოლოო ჯამში ტურიზმზე დიდ გავლენას ახდენს, რადგან როდესაც ტურისტი ბათუმიდან ან თბილისიდან მოდის, მისთვის მნიშვნელოვანი ის ობიექტი, რომელიც პროგრამაშია ჩასმული სრულყოფილად იყოს გახსნილი და ნაწილობრივ გახსნილი ან დაკეტილი როცაა, მას გადაწყვეტილების მიღება უჭირს და სხვა მიმართულებას ირჩევენ”, - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
ის ქუთაისის აეროპორტამდე დანიშნული ავტობუსის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ის Google-ის სისტემასთან ინტეგრირებული არ არის, რაც ტურისტებისთვის დამატებითი კომფორტი იქნება.
„გვაქვს აეროპორტი, სადაც დაინიშნა ტრანსპორტი, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის ინტეგრირებული Google-ის საძიებო სისტემასთან, სადაც ტურისტი იღებს ინფორმაციას ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობების გადაადგილებასთან დაკავშირებით. ეს ავტობუსების მგზავრთნაკადიდანაც ჩანს და ეს საკითხი მოსაგვარებელია. ანუ ავტობუსები რომ დაინიშნა, ავტობუსების მუშაობის შესახებ ინფორმაცია ბოლომდე ტურისტებამდე მიტანილი არ არის“, - განმარტავს Travel To Georgia-ს დირექტორი.
მისი ინფორმაციით, იმერეთში ტურისტების ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობა 1.5 დღეა, რაც ცუდი მაჩვენებელია.
„Booking.com-ის საშუალებით სტატისტიკა რომ ვნახეთ დარჩენის საშუალო ხანგრძლივობა 1.5 დღეა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის. ეს განსაკუთრებით პრობლემურია, როცა 1-2 დღე რჩებიან და 4-5 დღემდე ამ დროის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა რეგიონი, თუმცა ინფრასტრუქტურულად ამას ხელი ვერ ეწყობა“, - აღნიშნა დარგის წარმომადგენელმა.
2024 წლის I კვარტალში ადგილობრივი ტურიზმი გაიზარდა და ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 277 ათასი იყო. ვიზიტების რაოდენობა კი 6.8%-ით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 1 მილიონ 555 ათასი შეადგინა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ეს რიცხვი 10.8%-ით გაიზარდა, 688.2 ათასამდე.
პირველ კვარტალში გაიზარდა დანახარჯებიც. ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯი 265.9 მილიონი ლარი იყო, რაც 8.6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 1.8%-ით და 170.9 ლარს უტოლდება. დანახარჯებში ყველაზე დიდი წილი საყიდლებზე მოდის.
ფოტო: არჩილ გეგენავა