მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კაფუნე": გვინდა, „ქეითერინგის“ მიმართულებით გააქტიურება

ქეითერინგი

რუსთავში მდებარე სოციალური საწარმო და კაფე-რესტორანი "კაფუნე", რომელიც ბაზარზე ოთხი წელია ოპერირებს, „ქეითერინგის“ მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს. ამის შესახებ „კაფუნეს“ დირექტორმა, ლუკა კობერიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"წელს „ქეითერინგის“ მიმართულებით გააქტიურებას ვგეგმავთ, რაც ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის ღონისძიებებზე საკვებით მომსახურებას გულისხმობს. ამ დროისთვის 150-მდე ადამიანის საკვებით უზრუნველყოფა შეგვიძლია“, - აღნიშნა "კაფუნეს" დირექტორმა.

მისივე თქმით, კომპანიის მიზანს, ზაფხულამდე HACCP-ის სტანდარტის დაკმაყოფილება წარმოადგენს, რადგან მათი ძირითადი სამუშაო სეზონი სწორედ ზაფხულია.

"ჩვენი ძირითადი საქმიანობა კაფე-რესტორნის მიმართულებაა, შესაბამისად ზაფხულამდე, როდესაც ყველაზე აქტიურად ვმუშაობთ, გვინდა HACCP-ის სტანდარტი დავაკმაყოფილოთ. ამიტომ, მიმდინარე თვესა და მომდევნო თვეში, კაფე-რესტორანი დროებით დაიკეტება, რათა შესაბამისი სარემონტო სამუშაოები ჩავატაროთ და სტანდარტებს მოვერგოთ.

ამ ობიექტზე, სადაც დაახლოებით ერთი წელია ვფუნქციონირებთ, დაახლოებით 200 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, მხოლოდ წელს 50 000 ლარის ინვესტიცია ჩავდეთ, რაც სამუშაო სივრცესა და სამრეცხაოებს მოხმარდა. სივრცის გარემონტების შედეგად, სამზარეულო და ბარში არსებული სამუშაო სივრცეც დაახლოებით 50%-ით იზრდება. ამასთან გვემატება საწყობი",- განაცხადა ლუკა კობერიძემ.

აღსანიშნია, რომ "კაფუნე" მომხმარებლისთვის კერძების შეთავაზების გარდა, პრობაციონერებს მზარეულის პროფესიის 6-თვიან კურსის გავლის შესაძლებლობას სთავაზობს.

„თითო ჯერზე, მხოლოდ ერთი ადამიანის გადამზადება შეგვიძლია. 6 თვის შემდეგ, მათ პატარა გამოცდას ვუტარებთ. ამის შემდეგ კი ვცდილობთ მათთვის სამუშაო ადგილი მოვიძიოთ, თუმცა სანამ ვეძებთ, ისინი ჩვენთან აგრძელებენ მუშაობას.

ამ დრომდე, ჯამში რვა ადამიანი გვყავს გადამზადებული და ერთი ადამიანი - დასაქმებული. სამწუხაროდ, მოთხოვნა ძალიან მცირეა. ჩვენ ამ ადამიანებს პრობაციის ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით ვეძებთ. მსურველი ცოტაა, ამის მიზეზზე საუბარი გვიჭირს", - აღნიშნა ლუკა კობერიძემ.

აღსანიშნია, რომ სოციალურ საწარმო და კაფე "კაფუნეში" დასაქმება 16 წლიდან არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე 16 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, მათ შორის სკოლის 14 მოსწავლე ან სტუდენტია. როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, კადრების პოვნა მათთვისაც გამოწვევაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები