ავტორი: სალომე ზაალიშვილი
20-წლიანი ლოდინის შემდეგ, ეგვიპტის არქეოლოგიური და ისტორიული მუზეუმი გაიხსნა. მშენებლობა, რომელიც არაბული გაზაფხულის აჯანყებებმა, პანდემიამ და მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე დაპირისპირებებმა არაერთხელ შეაჩერა ჯამში 1 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი დაჯდა.
მუზეუმის პროექტზე და მის მშენებლობაზე არაერთი მსოფლიოში აღიარებული არქიტექტურული და საინჟინრო ფირმა მუშაობდა, მათ შორის ირლანდიური Heneghan Peng-ი, Buro Happold-ი, Arup-ი და ACE Consulting Engineers.

მუზეუმის გახსნის ცერემონია, დრონების შოუ
გახსნის გრანდიოზულ ცერემონიას, რომელიც დრონების შოუმ, სიმფონიურმა ორკესტრმა და პოპ ვარსკვლავების გამოსვლებმა გააფორმა, ეგვიპტის და მეგობარი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, დანიის პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

მუზეუმის საფეხურები
81 000 კვადრატულ მეტრზე გაშლილი სამუზეუმო სივრცე, როგორც არქეოლოგიური ასევე ერთ ცივილიზაციას დათმობილი ყველაზე დიდი მუზეუმია მსოფლიოში.
შენობის ფორმა გიზას პირამიდებითაა შთაგონებული, რომლებიც მუზეუმიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში მდებარეობს. მუზეუმის თქმით დამთვალიერებლებს ადგილზე 100 000 არტეფაქტზე მეტის ნახვა შეუძლიათ. საერთო სივრცის მეოთხედი პერმანენტულ გამოფენას ეთმობა, სადაც იმპერატორ ტუტანხამონის სრული კოლექციაა განთავსებული, ასევე რამზეს II-ის 3000 წლის ქანდაკება და ორი მსხვილი ზომის ქანდაკება ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ ტონის-ჰერაკლეონიდან, სადაც როგორც ეგვიპტური ასევე ბერძნული არტეფაქტებია აღმოჩენილი.




























