მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: რატომ უნდა დამიწესონ სანქციები? არჩევნების რომელ გაყალბებაზე საუბრობთ?

კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი სიცრუე და ცილისწამებაა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებას და 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციას ეხება.

კალაძისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება დასანქცირდეს.

„ბევრჯერ გვინახავს რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, არასწორი ინფორმაციით, სიძულვილით, თუმცა საბოლოოდ ირკვეოდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი - კონკრეტულ ადამიანებს უხდიდნენ თანხას და ლობიზმში ფულს აკეთებდნენ. ასე ხდებოდა რეზოლუციების მიღება, რაც ძალიან მძიმეა. როდესაც ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდა უჩნდებათ. რაც შეეხება არჩევნებს, 2012 წლიდან ვარ ჩართული პროცესებში და ასეთი მშვიდი, თავისუფალი არჩევნები არ მახსოვს. სხვათა შორის, ეუთო/ოდირ-ის შუალედური და საბოლოო დასკვნა მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული და მოსახლეობას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. საუბარი იყო, რომ არჩევნები თითქოს გაყალბდა, რაც წარმოუდგენელი და აბსურდია. როგორც კი დაინახეს, რომ ვერ გაიმარჯვა იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელიც მათ წარმოადგენდა, მაშინვე დაიწყეს აღნიშნული არჩევნების „გაშავება“.

რატომ უნდა დამიწესონ სანქციები? არჩევნების რომელ გაყალბებაზე საუბრობთ? ეს არის სიცრუე, ტყუილი, ცილისწამება. ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, ხართ სიცრუის პროპაგანდისტები. 700 ათასზე მეტი ხმით მოიგო „ქართულმა ოცნებამ“. ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი. მადლობა იმ ადამიანებს, ოჯახებს, ვინც გამოვიდა და დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს; ხმა მისცა ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროინტეგრაციას. 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ეს არის ლეგიტიმაცია. ისეთი რეზოლუციები, განცხადებები ბევრი გვინახავს, რომლებიც ტყუილზეა დაფუძნებული, გაჯერებულია ცრუ ინფორმაციებით. ძალიან კარგად ვიცით, როგორ ხდება მსგავსი რეზოლუციების მიღება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ კრიზისზე და სავარაუდო საარჩევნო გაყალბებაზე რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს 28 ნოემბერს უყრის. რეზოლუციის პროექტში საუბარია "ქართული ოცნების" ლიდერების, მათ შორის კახა კალაძის პერსონალურ სანქცირებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები