კახა კალაძის განცხადებით, მას 2011 წლის შემდეგ არავითარი კავშირი არ აქვს კომპანიასთან, რომელიც თბილისში არსენალის მთაზე დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავდა. კალაძის თქმით, თავად პროექტი ობიექტური მიზეზების გამომდინარე ვერ განხორციელდა, რაც მათ შორის სახელმწიფოს მიერ პირობების შეუსრულებლობას უკავშირდება.
2007 წელს კახა კალაძის მიერ დაფუძნებული "კალა კაპიტალის" შვილობილმა კომპანია "არსენალ დეველოპმენტმა" სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში არსენალის მთაზე არსებული 77 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენის აუქციონში გაიმარჯვა. აუქციონზე მიწა 38 მილიონ დოლარად გაიყიდა, საიდანაც 19 მილიონი დოლარი კომპანიამ დაფარა, თუმცა მეორე ნახევრის დაფარვა ვერ მოხდა, რისი მთავარი მიზეზიც 2008 წლის აგვისტოს ომის გამო გაუარესებული საინვესტიციო მდგომარეობა იყო. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, “არსენალ დეველოპმენტის” 100%-იანი წილი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია "სანარტ ინთერნეშენალ კორპს" ეკუთვნის, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობაც საჯარო არაა, შესაბამისად უცნობია ვინ ფლობს ამჟამად პროექტს.
კახა კალაძის განმარტება არსენალის პროექტთან დაკავშირებით:
"2007-2008 წელს კომპანიამ აღნიშნული ტერიტორიის შეძენაში 20 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა ფორსმაჟორი, დაიწყო ომი. შესაბამისად, როგორც ქვეყნის, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში უდიდესი პრობლემა წარმოიშვა. ამის შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები - ან ადგილმონაცვლეობასთან ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა - ჩემი პოლიტიკური განცხადებები. 2011 წლიდან მე აღნიშნულ კომპანიაში არ ვარ, აქ ჩემი ინტერესები საერთოდ არ არის. გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან მე აღნიშნულ კომპანიასთან არანაირი შეხება არ მაქვს.
ვალდებულებები ორივე მხარეს იყო, როგორც ინვესტორის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო სარკინიგზო მაგისტრალის გადატანა, გზების მიყვანა. ინვესტორსაც ჰქონდა ვალდებულება, რომ იქ გაეშენებინა ახალი უბანი. თუმცა ეს ვალდებულებები თანხვედრაში ვერ მოვიდა და ვერ შესრულდა. ეს დაკავშირებული იყო საომარ მდგომარეობასთან, მსოფლიო კრიზისთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ირაკლი აბესაძემ არსენალის მთასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის თანახმადაც ინვესტორი სახელმწიფოს საპრივატიზაციო პირობების ცვლილებას სთხოვს.
“კომპანია პროექტის განხორციელების ხელისშემშლელ ფაქტორად განიხილავს 2008 წელს საქართველოში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, ამავე პერიოდის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს და ხელშეკრულების გარეშე მხარის მიერ 15.7 ჰექტარის მიწის ფართობზე საკუთარი მოთხოვნის დაყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეკონომიკის სამინისტროს სთხოვს პირობების გადახედვას და დაკისრებული პირგასამტეხლოსგან და დარჩენილი გადასახდელი საპრივატიზებო საფასურისგან გათავისუფლებას. ამასთანავე, ინვესტორი სახელმწიფოს სანაცვლოდ სთავაზობს სამომავლოდ ასაშენებელი უძრავი ქონების 10%-ს, რაც დაახლოებით 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.
შესაბამისად, ამჟამად არსენალ დეველოპმენტის შეფასებით, პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონი დოლარის ნაცვლად დაახლოებით 300 მილიონი დოლარია.
კახა კალაძემ პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა 2011 წელს და მაშინდელ ხელისუფლებას საარბიტრაჟო სასამართლოში მიმართვითაც დაემუქრა.