მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთის ახალი მაგისტრალური გზა გამტარუნარიანობას სამჯერ, ანუ 185%-ით ზრდის - ირაკლი ქარსელაძე

მინისტრი
04.10.24 18:15
458

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, დღეს კახეთში 35 კმ-იანი გზის მონაკვეთის გახსნას დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც რეგიონის მოსახლეობისათვის, ისე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისათვის - ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთის გახსნისას განაცხადა.

კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს. მაგისტრალური გზა სრულ შესაბამისობაშია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და უზრუნველყოფილია განათების სისტემით. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი საერთაშორისო მაგისტრალური გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი საგზაო ქსელის და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილია, რომელზეც საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობა მკვეთრად მზარდია.

მინისტრის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის შესყიდვები იმდაგვარად დაიგეგმა, რომ ქართულ კომპანიებს ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება მისცემოდათ. 35 კმ-იანი მაგისტრალის სამიდან ერთი მონაკვეთი სწორედ ქართულმა კომპანიამ ააშენა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ საგზაო ინტენსივობის ანალიზის მიხედვით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე ტრანზიტული მოძრაობა 2023 წელს 2019 წლის, ანუ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 135%-ით გაიზარდა და 2022 წლიდან ზრდის ტენდენცია ნარჩუნდებოდა. შესაბამისად, არსებული ნაკადების ინტენსივობა 2 ზოლიანი საავტომობილო გზის გამტარუნარიანობას 25%-ით აჭარბებდა და ვერ უზრუნველყოფდა გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადების გატარებას.

"ძველი გზა ბევრი პარამეტრით ვერ პასუხობდა მოძრაობის ამჟამინდელ ინტენსივობას და მაგისტრალური გზის მშენებლობა კრიტიკულად აუცილებელი იყო. ახალი მაგისტრალური გზა, სამჯერ, ანუ 185%-ით გაზრდილი გამტარობით, უზრუნველყოფს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ პერსპექტიულად მზარდი სატრანსპორტო ნაკადების მომსახურებას. თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სამჯერ გაზრდილ გამტარობასთან ერთად სულ მცირე ანახევრებს გადაადგილების დროს და ახალი მონაკვეთის გავლას სულ რაღაც 17 წუთი დასჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალი გვერდს უვლის და სრულად განტვირთავს მოძრაობას 4 ძირითად მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქში: ვაზიანში, სართიჭალაში, ნინოწმინდასა და საგარეჯოში, რასაც ამ დასახლებების შემდგომი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში 600კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, ხოლო 2012 წლის შემდეგ 1600 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები