კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 204 ათასი ტონა ყურძენი, მოსავლის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 350 საწარმო. კლიმატური პირობების გამო დაზიანებული 20 ათას ტონამდე ყურძენი სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანია" გადაამუშავა. კახეთის რეგიონში, ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 247 მლნ ლარს აღწევს,- ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რაც შეეხება რაჭას, რეგიონში გადამუშავებულია 1,7 ათასი ტონამდე ყურძენი; მევენახეების შემოსავალი 11,6 მლნ ლარს აღწევს. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 50-მდე ღვინის კომპანია და მარანი.
"ღვინის კერძო საწარმოებისა და მევენახე ფერმერების სტიმულირების, ასევე მოსავლის სრულად დაბინავების მიზნით, ორივე რეგიონში მოქმედებდა რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა: რაჭის შემთხვევაში, სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 7 ლარი. ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.
კახეთის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებს ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხადა არანაკლებ 90 თეთრი. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისთვის - 20 თეთრს. ამასთან ერთად, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" მევენახე ფერმერებს კლიმატური პირობების გამო დაზიანებულ 1 კილოგრამ ყურძენში 0.90 ლარს უხდიდა",- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.