მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში სასტუმრო "ქვევრები" სტუმრების მიღებას იწყებს - რა გეგმები აქვთ დამფუძნებლებს?

სასტუმრო ქვევრები

კახეთში, კერძოდ სოფელ შალაურში განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო კომპლექსი „ქვევრები“ იხსნება. ტურისტული ობიექტის მშენებლობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ახლა უკვე 5 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება. დაწყებულია ჯავშნების მიღებაც. „ქვევრების“ დამფუძნებლების მოლოდინი დაინტერესების კუთხით მაღალია.

როგორც Bm.ge-ს სასტუმროს თანადამფუძნებელმა, გიორგი კლდიაშვილმა განუცხადა, ჯავშნების მიღება გუშინ, 1 სექტემბერს დაიწყო. „თავიდან ჯავშნებზე შეღავათებიც დავაწესეთ, თან ახლა სეზონია კახეთში და ესეც შეუწყობს ხელს. ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა იქნება. ამ სასტუმროსადმი ინტერესი თავიდანვე ძალიან მაღალი იყო“, - ამბობს გიორგი კლდიაშვილი და დასძენს, რომ მსგავსი კონცეფციის სასტუმრო უნიკალურია ამიერკავკასიის რეგიონში, - "სასტუმროს უნიკალურობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი სასტუმროთი დაინტერესდება არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი ტურისტებიც. ჩვენი მიზანია მომხმარებელს გავუწიოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება".

სასტუმრო კომპლექსი აერთიანებს 20 ქვევრის ფორმის ნომრებს, და ასევე მთავარ სასტუმრო შენობას, სადაც 17 ნომერია განთავსებული. ანუ, ჯამში 37 ნომერია. სასტუმროს ერთდროულად დაახლოებით 75 სტუმრის მიღება შეუძლია.

რაც შეეხება ინვესტიციას, გიორგი კლდიაშვილის თქმით, ობიექტის მშენებლობა პარტნიორებს ჯამში დაახლოებით 10 მლნ ლარი დაუჯდათ. „ეს მოიცავს როგორც პირად ინვესტიციას, ასევე ბანკის სესხს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" „უმასპინძლე საქართველოში“ პროგრამით გათვალისწინებულ შეღავათებს და EBRD-ის ქეშბექის პროგრამაშიც ჩართული ვართ“, - აღნიშნა მან.

ამჯერად ტურისტული ობიექტი ქვევრებისა და სასტუმრო შენობის გარდა, რესტორანს, ბარს, საკონფერენციო სივრცეს, ღია აუზს ლაუნჯს აერთიანებს. თუმცა მის შემქმნელებს გაფართოების დიდი გეგმები აქვთ.

„დაგეგმილი გვაქვს მარნის გაკეთება, რამდენიმე რესტორნის და კიდევ ერთი სასტუმრო შენობის დამატება, სადაც 50-60 ნომრამდე განთავსდება. 3 ჰექტარია მთლიანი ფართი და ათვისებას ვგეგმავთ. ქვევრები პირველი ეტაპი იყო“, - გვიყვება გიორგი კლდიაშვილი.

შეგახსენებთ, „ქვევრების“ მშენებლობა ოთხმა პარტნიორმა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, თუმცა მის დროულად დასრულებას პანდემიამ, შემდეგ უკრაინაში ომმა და სხვა ფაქტორებმაც შეუშალა ხელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები